ძლიერი ქარი, მდინარეების ადიდება და შტორმი - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ



უამინდობა საქართველოში - სინოპტიკოსები ძლიერ ქარს და 5 ბალიან შტორმს ელოდებიან. სინოპტიკოსების ინფორმაციით, ქარის სიჩქარე შესაძლოა 25-30 მეტრ-წამამდე გაიზარდოს და მდინარეების ადიდებაც მოხდეს.
„12 საათიდან უკვე დასავლეთ საქართველოში დაიწყება დასავლეთის მიმართულების ქარი, რომლის სიჩქარეც დაახლოებით 20-25 მეტრი წამის ფარგლებში იქნება.
რამაც შეიძლება გამოიწვიოს ზღვაზე შტორმი 5-6 ბალის სიძლიერის. ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ქარი გაძლიერდება საღამოს 5 საათიდან. თბილისის შიდა რაიონებში დაახლოებით 25 მეტრ-წამის ფარგლებში შეიძლება იყოს ქარის მაქსიმალური სიჩქარე. ხოლო გარეუბნებში არ არის გამორიცხული 30 მეტრ-წამსაც მიაღწიოს,“- ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსი რამაზ ჭითანავა.
ჭითანავა არ გამორიცხავს მდინარეებში წყლის დონემ საშიშ ნიშნულს მიაღწიოს, ამიტომ მოსახლეობას ურჩევს, რომ მდინარეების სიახლოვეს გადაადგილებას მოერიდონ.
„ცალკეულ მონაკვეთებში სხვადასხვა მდინარეებში შესაძლოა ჰქონდეს ადგილი საშიშ ნიშნულებამდე მიღწევას და უბრალოდ, მინდა გავაფრთხილო, მოსახლეობა ვინც ახლოს ცხოვრობს ვინც საქმიანობს მდინარეთა ნაპირებთან მოერიდონ“-ამბობს ჭითანავა.
მოსალოდნელ ძლიერ ქართან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს თბილისის მერია და მოსახლეობას რეკომენდაციას აძლევს მოერიდონ ხეების, მსუბუქი კონსტრუქციებისა და სამშენებლო მოედნების სიახლოვეს ყოფნას.
წყარო: rustavi2.ge