სწავლა რომ უყვარდეს, ის გლეხი არ იქნებოდა რა, დამიჯერეთ, სხვა ადგილს მიაგნებდა ცხოვრებაში - დავით ჭიჭინაძე



სწავლა რომ უყვარდეს, ის გლეხი არ იქნებოდა რა, დამიჯერეთ, სხვა ადგილს მიაგნებდა ამ ცხოვრებაში, – ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრვალესობის დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ აგრარულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, გელა ხანიშვილს მიმართა.
გელა ხანიშვილმა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის განხილვისას განაცხადა, რომ მთელ დასავლეთ საქართველოში ერთი ფერმერიც არ აღმოჩნდა, რომელიც მათი ინსტრუქციის შესაბამისად გაასუფთავებდა ნაკვეთს და თხილს სათანადოდ დაამუშავებდა.
“სწავლა რომ უყვარდეს, ის გლეხი არ იქნებოდა რა, დამიჯერეთ, სხვა ადგილს მიაგნებდა ამ ცხოვრებაში. 230 ათასი ნაკვეთი თუ არის, ხომ შეიძლება სამობილიზაციო სამსახურივით გავაკეთოთ. პრინციპში თითო წევრზე 100 ლარი რომ გამოვყოთ, სულ 25 მილიონ ლარში ჩავეტევით. მე ვიცი, რომ ბევრი პროგრამაა ისეთი, რომელშიც გაცილებით მეტ ფულს ვიხდით და შემდეგ დრო რომ გადის არაეფექტური აღმოჩნდა. ამიტომ რაღაც სამუშაო ადგილებიც შეიქმნება”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
“ქართული ოცნების” დეპუტატის თქმით, სახელმწიფო უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს მოსავლის მოყვანაში.
მინისტრის მოადგილის განცხადებით 200 თხილიდან 140 სოკოს,სიდამპლის და სხვა დაავადებათა გამო ნადგურდება. დარჩენილი 60 თხილიდან კი მხოლოდ 22-ს აფუჭებს ფაროსანა.
„ადამიანები თავის თხილს თუ არ უვლიან ,70 %-ს თუ კარგავენ, ისინი იმ ფაროსანას 22 თხილს გაუფრთხილდებიან? გამოდის, რომ მასშტაბურად სხვა პრობლემა გამოიკვეთა თხილთან მიმართებაში და თუ გავყვებით სხვა კულტურის მიხედვით, იქაც სხვა პრობლემები გამოჩნდება. ნუ გვრცხვენია, რომ სახელმწიფო უფრო აქტიურად იყოს ჩარეული მოსავლის მოყვანაში. რაღაცნაირად მივენდეთ საბაზრო ეკონომიკას, გავიწიეთ ბოლომდე და ვთვლით, რომ ადამიანმა თავისი თავი თვითონ უნდა გადაარჩინოს. მე მგონია, არ არის სწორი”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
წყარო: 1tv.ge