რა ხელფასი ექნებათ თბილისის მერსა და მის მოადგილეებს ?


თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მერიის მაღალჩინოსნებისთვის ხელფასის გაორმაგების შესახებ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.

"ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, რომ თითქოს ჩვენ მოადგილეებს ხელფასები გავუორმაგეთ. მინდა გთხრათ, თუ როგორ ხდებოდა დღემდე - იყო თანამდებობრივი სარგო და იყო ყოველთვიური დანამატი. ახალი კანონმდებლობის შესაბამისად ეს ყველაფერი გაერთიანდა და ამას დაერქვა ხელფასი, ანუ თანამდებობრივი სარგო“, - განაცხადა კალაძემ.

მანვე წარმოადგინა ინფორმაცია, სადაც გიგი უგულავასა და დავით ნარმანიას მერობის პერიოდში მერებისა და მათი მოადგილეების ანაზღაურების შესახებ იყო ინფორმაცია მოცემული.

"მაგალითად, გიგი უგულავას წლიური შემოსავალი იყო 95 400 ლარი, თვეში საშუალოდ - 7 950 ლარი. სევდია უგრეხელიძის წლიური შემოსავალი 89 243 ლარი იყო, თვეში საშუალოდ - 7 437 ლარი. შოთა ხიზანიშვილს მერზე მეტი შემოსავალი ჰქონდა - 101 336 ლარი, თვეში საშუალო - 8445 ლარი.

დავით ნარმანიას მერობის პირობებში მისი თანამდებობრივი სარგო წლიურად იყო 38 160 ლარი იყო, თვეში გამოდიოდა დაახლოებით - 3 180 ლარი. მისი მოადგილე ლაშა აბაშიძის შემთხვევაში წლიური - 73 475 ლარი იყო, ხოლო თვეში გამოდიოდა - 6 123 ლარი“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება ინფორმაციას, თუ რა ხელფასები ექნებათ მასა და მის მოადგილეებს:

- თბილისის მერი კახა კალაძე - წლიურად 38 160 ლარი, თვეში 3180 ლარი;

- ვიცე მერი ირაკლი ხმალაძე - წლიურად 75 600 ლარი, თვიურად - 6 300 ლარი;

- მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი - წლიური - 73 800 ლარი, თვეში - 6150 ლარი;

- მერის მოადგილე მაია ბითაძე - წლიური - 73 800 ლარი, თვეში - 6150 ლარი;

- მერის მოადგილე ილია ელოშვილი - წლიური - 73 800 ლარი, თვეში - 6150 ლარი.
წყარო: bm.ge