მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა - „მოვიდეს მთავრობა, ერთად ამოგვწვან"


პანკისში თემრილან მაჩალიკაშვილის გადასვენებას ელოდებიან. ამასთან, ადგილობრივები სპეცრაზმელების დასჯას ითხოვენ. მაჩალიკაშვილებისახლობლები ამბობენ, რომ სპეცოპერაციის დროს 19 წლის ახალგაზრდას ხელყუმბარა არ ჰქონია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კი არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. http://accent.com.ge/ge/news/details/44810„მოვიდეს მთავრობა, წაუკიდონ ცეცხლი, მაინც წაგვიკიდა ცეცხლი. ერთად ამოგვწვან. გომელაურს გადაეცით. რა გამიკეთეს, როგორ გამიქრეს ბავშვი,“ - განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის ბებიამ.
ოჯახი გამოძიების ობიექტურად წარმართვას ითხოვს:

"სადისტებმა არაფრის გულისთვის მომიკლეს შვილი...ამას ასე არ დავტოვებ, ვინც დამნაშავეა, სათითაოდ მოვუღებ ბოლოს" - აცხადებს თემირლან მაჩალიკაშვილის დედა მედიკო მარგოშვილი.
ცხედარი ამ დროისთვის ექსპერტიზაზეა გადასვენებული. პროცესში გარდაცვლილის ოჯახის ინიციატივით დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილიც ჩაერთვება.
„ჩემს მონაწილეობაზე დათანხმდა პროკურატურა, მარიამ კუბლაშვილმა მოითხოვა ჩემი ჩართვა და პროკურატურისგან მიიღო თანხმობა. ჯერ ოჯახი იყო წინააღმდეგი მაგრამ, შემდეგ როგორც იქნა გაკვეთაზე დათანხმდნენ. გაკვეთის გარეშე სიკვდილის მიზეზი ვერ დადგინდებოდა და მთელი რიგი პრობლემები იქნებოდა,“ - განაცხადა დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა.
ოჯახის ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, უამრავი კითხვა არსებობს და მათ პასუხი ექსპერტიზამ უნდა გასცეს: .
“ჩატარდება ექსპერტიზა იმისთვის, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა. ექიმმა მომცა ფორმა ასი. მისი თქმით, მდგომარეობა დილის 06:00 საათზე გაუარესდა ეს პროგნოზირებადი იყოო და არც არაფერი იყო გასაკვირიო. მიცვალებულს პანკისში დღესვე გადავასვენებთ, დასრულდება თუ არა ექსპერტიზა. მრავალი კითხვა გვაქვს, სროლის ტრაექტორია, ასევე რა გახდა ასეთი სწრაფი გარდაცვალების მიზეზი, როდესაც მოლაპარაკება გვქონდა გადაყვანაზე. მრავალი სხვა კითხვაც არსებობს, რომელსაც პასუხს ექსპერტიზა გასცემს”,- აღნიშნა კუბლაშვილმა.
საქმეს სწავლობენ არასამთავრობო ორგანიზაციები. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტისთამთა მიქელაძის განცხადებით, საქმის პოლიტიკური შინაარსიდან გამომდინარე ადგილობრივი ძალოვანუ უწყებების მიერ გამოძიების ეფექტურად წარმართვის მოლოდინი ნაკლებია და ორგანიზაცია საბოლოო სწორებას ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულ სასამართლოზე აქვს:


"დღეს კიდევ უფრო გახდა ნათელი, რომ ეს იყო მკვლელობა, რომელიც სახელმწიფომ თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ჩაიდინა. ჩვენ ყველა სამართლებრივი დაცვის საშუალებას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ამ საქმეზე სიმართლე დადგინდეს და დაზარალებული ოჯახის უფლებები ბოლომდე იყოს დაცული. საქმეში პრობლემურია როგორც სროლის პროპორციულობის და აუცილებლობის საკითხი, ასევე სამედიცინო დახმარების დროული აღმოჩენის და მთელი ამ ორი კვირის განმავლობაში მისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ადეკვატურობა"
ოჯახს უსამძიმრებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და პირობას დებს, რომ სახალხო დამცველის აპარატი ყველაფერს გააკეთებს, რათა დადგინდეს, სპეცოპერაციის დროს ჰქონდა თუ არა ძალის გადამეტებას ადგილი.
“ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ახალგაზრდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და ვუმსამძიმრებ მის ოჯახს. მე, როგორც სახალხო დამცველი, ვიძლევი პირობას, რომ ჩემს ხელთ არსებული შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა დადგინდეს, სპეცოპერაციის დროს ჰქონდა თუ არა ადგილი ძალის გადამეტების ფაქტს, აღმოუჩინეს თუ არა მას დროული სამედიცინო დახმარება, გაკეთდა თუ არა ყველაფერი, რათა შენარჩუნებულიყო ახალგაზრდის სიცოცხლე”, – განაცხადანინო ლომჯარიამ.
პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა. ექიმის თქმით, გამთენიისას უკიდურესად გართულდა მდგომარეობა და მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
„პირველ რიგში მინდა, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს, ყველა მის ახლობელს მივუსამძიმრო და ჩვენი კლინიკის სახელით ღრმა მწუხარება გამოვხატო. რაც შეეხება გუშინ და დღეს დილით განვითარებულ მოვლენებს, გუშინ, შუადღის შემდეგ მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. მოგვიანებით, უკვე გამთენიისას, გულის გაჩერება დაფიქსირდა. ეს მესამე ეპიზოდი იყო. სამჯერვე სარეანიმაციო ღონისძიებებით გულის მუშაობის აღდგენა მოხერხდა. თუმცა მეოთხედ, მიუხედავად ძალიან აქტიური მცდელობისა, გულის მუშაობის აღდგენა ვეღარ მოხერხდა და დილის 08:00 საათზე ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა“, – განაცხადა ექიმმა ზაზა ლურსმანაშვილმა.
მაჩალიკაშვილი თურქეთში კლინიკა "კოჩ-ჰოსპიტალში" უნდა გადაეყვანათ. ჰოსპიტალის ადმინისტრაცია და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ბოლო ტექნიკურ დეტალებს აგვარებდნენ.
ცნობისთვის: მაჩალიკაშვილი პანკისის სპეცოპერაციის დროს დაიჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ის დაკავების დროს ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანას შეეცადა, ამიტომ სპეცრაზმელებმა ცეცხლი გახსნეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობები თავისა და მხრის არეში აქვს მიყენებული. თავად ოჯახის წევრები, თვითმხილველები აცხადებენ, რომ სპეცრაზმმა ცეცხლი მაჩალიკაშვილის ოთახის კარის შეღებისთანავე გახსნა.
შეგახსენებთ, რომ მაჩალიკაშვილს და კიდევ 4 პირს გამოძიება ახმედ ჩატაევთან კავშირს ედავება. http://accent.com.ge/ge/news/details/45002
მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, კერძოდ სპეცოპერაციის ეპიზოდის გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს.
წყარო: accent.com.ge