სასწრაფოდ - ბოლო ორ თვეში გადახდისუუნარო მოქალაქეთა რაოდენობა 4735-ით გაიზარდა



ბოლო ორი თვის განმავლობაში, საქართველოში გადახდისუუნარო ადამიანების რაოდენობა 4 735-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "კომერსანტი" ავრცელებს.
2017 წლის 20 ნოემბრისთვის აღსრულების ეროვნული ბიუროს, მოვალეთა რეესტრში 230 223-ს ჩანაწერი იყო, დღეს კი მათი რიცხვი 234 958-ია. ამ მონაცემის მიხედვით, დღეს საქართველოს მოსახლეობის 6,3% გადახდისუუნაროა. 
გამოცემა ეკონომისტების მოსაზრებაზე დაყრდნობით წერს, რომ როდესაც მოვალეთა რეესტრში ჩანაწერების რაოდენობა მატულობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ცხოვრება ძვირდება და გადახდისუუნარო ადამიანების რაოდენობაც იზრდება. ეს ყველაფერი კი იმის მანიშნებელია, რომ ეკონომიკური აქტივობა კვლავ დაბალია და სოციალური ფონიც მძიმე. 
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კომერციული ბანკების ანგარიშგებების მიხედვით, რომელიც გასული წლის დეკემბრის დასაწყისში გამოქვეყნდა, 3 კვარტლის მონაცემებით, კომერციული ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ჯამში 210 762 191 ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონების მფლობელები გახდნენ. 
წყარო: imedinews.ge