"ძალიან კარგია, რომ APM Terminals-მა თავი გამოაჩინა",- ასე უპასუხა მამუკა ხაზარაძემ ფოთის პორტის გენერალური დირექტორის კლაუს ჰოლმ ლოურსენის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ის საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საჭიროებას ვერ ხედავს.
"რა იცის კონტი ჯგუფმა ან რა იციან ბანკირებმა ტრანსპორტირების შესახებ",- აღნიშნა ლოურსენმა ანალიტიკასთან ინტერვიუში და ანაკლიის პორტის განმახორციელებელი „თიბისი ჯგუფი“ და ამერიკული "კონტი ჯგუფი" გააკრიტიკა.
ფოთის პორტის დირექტორის შეფასებებს კი მამუკა ხაზარაძემ უპასუხა:
"ის, რაც მოვისმინე არის შემაშფოთებელი. ეს განცხადება კეთდება მაშინ, როდესაც საქართველო ატარებს აბრეშუმის გზის ფორუმს, მოწვეული ჰყავს 60 ქვეყნის წარმომადგენელი და აკეთებს იმის დემონსტრირებას, რომ საქართველო იყოს ღირსეულად წარმოდგენილი ამ მარშრუტზე. ამ მარშრუტზე ღრმაწყლოვანი პორტის არსებობის გარეშე წარმოდგენა არის შეუძლებელი.
ძლიან უხერხულია, დანიის წარმომადგენელი გვეუბნებოდეს საქართველოს, რომ ჩვენ არ გვჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი, როდესაც დანიას 5 ღრმაწყკოვანი პორტი აქვს და სწორედ ასე შექმნეს ის პოტენციალი ქვეყნის განვითარების, რომელიც აქვს.
მე მინდა მას გადავცე, ძალიან კარგი, რომ APM Terminals-მა თავი გამოაჩინა და ღიად წარსდგა საზოგადოების წინაშე. ის ფარულ ლობირებას ეწევა არამარტო საქართველოში, არამედ უცხოეთში, ანაკლიის პორტის წინააღმდეგ და ჩვენი ქვეყნის პერსპექტივის წინააღმდეგ. კარგია, რომ სახე გამაოჩინა. ეს არის, ჩემი როგორც ერთ-ერთი ქართველის შეფასებით, საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ. ასეთი განცხადებები წინ ეღობება იმ შესაძლებლობებს, რომელიც საქართველომ უნდა მიიღოს",- განცახადა მამუკა ხაზარაძემ.
წყარო: bm.ge