ზვიად გამსახურდია დაიბადა თბილისში 1939 წელს, ცნობილი ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახში. გარკვეულწილად მისი ლიტერატურული ინტერესები ამ ფაქტორმაც განაპირობა. ზვიად გამსახურდია წლების განმავლობაში მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დოცენტად. 1973 წელს მას მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1991 წელს-ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხები. 1972-77 და 1983-90 წლებში ზვიად გამსახრუდია მოღვაწეობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის განყოფილების უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1970-77 წლებში კი ის იყო საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. ზვიად გამსახურდია ყმაწვილობიდან ჩაერთო პოლიტიკაში. ის ხშირად გვევლინებოდა 1987-90 წლებში გამართული თითქმის ყველა ძირითადი მშვიდობიანი აქციის მთავარ ორგანიზატორად. 1989 წლის საპროტესტო მოძრაობასაც ის ჩაუდგა სათავეში, რის გამოც, როგორც აქციის ორგანიზატორი, 9 აპრილის მოვლნების შემდეგ დააპატიმრეს. მერაბ კოსტავას დაღუპვის შემდეგ ზვიად გამსახურდია სათავეში ჩაუდგა ‘’სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოებას’’. 1990 წელს კი ის გაემიჯნა ყველა პოლიტიკურ დაჯგუფებას და შექმნა ‘’მრგვალი მაგიდა- თავისუფალი საქართველო’’. სწორედ ამ პარტიით ის გახდა საქართველოს პირველი პრეზიდენტი. პოლიტიკური მოღვაწეობის პარალელურად, ზვიად გამსახურდია განაგრძობდა თავის აკადემიურ მოღვაწეობას. მას გამოქვეყნებული აქვს მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომები, მათ შორის 3 მონოგრაფია- XX საუკუნის ამერიკული პოეზია (1972), ‘’ვეფხისტყაოსანი’’ ინგლისურ ენაზე (1984), 1976 წლიდან ზვიად გამსახურდია აგრძელებს რუსთველოლოგიურ კვლევას, რომელიც თავმოყრილია მის სადოქტორო დისერტაციაში ‘’ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება’’ (1991). 70-იან წლებში ზვიადი მუშაობს რუსთველოლოგიასა და ინგლისურ-ქართული ლიტერატურული კავშირების კვლევის დარგში. მისი სადისერტაციო ნაშრომი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეძღვნება ‘’ვეფხისტყაოსნის’’ მეცნიერულ და კრიტიკულ კვლევას, კერძოდ მის მ. უორდროპისა და ვ. ურუშაძის თარგმანებს. ნაშრომში ძირითადად შესწავლილია რუსთაველის ფილოსოფიური და თეოლოგიური კონცეფცია და თარგმანები ენათაშორისი ეკვივალენტობის თვალსაზრისით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მისი შრომები და ლიტერატურული თხზულებები ქართული კულტურის, ლიტერატურის იტორიის შესახებ, მაგალითად, ,,ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი’’. ზვიად გამსახურდიამ 1987 წელსასევე გამოაქვეყნა ,,იგავები და ზღაპრები’’. 1960-იან წლებში ის აქვეყნებს სტატიას ‘’შექსპირის ჰენრი IV-ის ისტორიული ქრონიკა’’, სადაც მიმოიხილავს შექსპირის ,,ყოველმხრივ ერუდიციასა და მისი თემატიკის უნივერსალურობას, რომელმაც მრავალი საუკუნით გაასწრო თანამედროვეობას.’’ ზვიად გამსახურდია დიდ ყურადღებას აქცევს შექსპირის ქრონიკებს და მათი ანალიზის საფუძველზე დაასკვნის, რომ ამ ნაწარმოებებში კარგად ჩანს ინგლისის ისტორიის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ეპიზოდი, რომელთაც ავტორი იყენებს როგორც საბაბს მხატვრული ნაწაროების შექმნისას. ,,ცისკრის’’ 1959 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ თარგმანთა მიმოხილვაში კი გამსახურდია აკრიტიკებს შექსპირის თარგმანისას გარითმული ადგილების თეთრ ლექსად გადმოღების პრაქტიკას. შექსპირის თეთრ ლექსში ინციდენტურად გამორეულ რითმებს ხშირად შინაარსობრივი დატვირთვა აქვს, მაგალითად, პლებეების და არისტოკრატების საუბრები ერთმანეთს ხშირად არ ერითმება, ამიტომ განსაზურდიას აზრით, თარგმნისას მთარგმნელმა ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს. ზვიად გამსახურდია მთარგმნელობით მოღვაწეობასაც ეწეოდა. მის თარგმანებში შედის შარლ ბოდლერის ,,ლექსები პროზად’’, რომელიც 1991 წელს გამოვიდა. ,,სახარება მათესი’’, რომელიც 2003 წელს დამოვიდა. ზვიად გამსახურდია ასევე თარგმნიდა უილიამ შექსპირის ‘’მეფე ლირს’’, და ‘’ზამთრის ზღაპარს’’. ასევე მას ეკუთვნის ‘რომეო და ჯულიეტას’ თარგმანის ნაწილიც. ამავე პერიოდში ის აქტიურად მუშაობს შექსპირის პოეტური სკოლისა და მისი ქართული ექვივალენტის შექმნის პრობლემაზე. ზვიად გამსახურდია თავის წერილებში ძირითადად საქართველოს და პატრიოტულ თემატიკას აჟღერებს. ის ხალხს მოუწოდებს აქტიურობისაკენ, გამოფხიზლებისა და სწორი არჩევანის გაკეთებისკენ. ასეთი წერილებია, მაგალითად ‘მიმართვა აფხაზი ხალხისადმი’ (1991), ‘სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში’, ‘ძმაო მერაბ, აბა შენ იცი, თავს მოუარე’ და ასე შემდეგ. საქართველოს პრეზიდენტი 1993 წელს გარდაიცვალა. მის სიკვდილის რეალური გარემოებების გამოძიებაზე დღემდე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. 2007 წელს ზვიად გამსახურდია გროზნოდან გადმოასვენეს საქართველოში და მისი ნეშტი დაასაფლავეს მთაწმინდის პანთეონში, ამავე წელს მას ასევე მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება. bibliografia: 1. უილიამ შექსპირი, ზამთრის ზღაპარი : [პიესა / ინგლ. თარგმნა ზ. გამსახურდიამ]. თბილისი, ნაკადული, 1969. 2. უილიამ შექსპირი, მეფე ლირი, მნათობი, 1969, 8-9 3. ზვიად გამსახურიდია, წერილები, ესეები. - თბ. : ხელოვნება, 1991. 4. ზვიად გამსახურიდია, XX საუკუნის ამერიკული პოეზია, თბილისი : განათლება, 1972. 5. ზვიად გამსახურიდია, ლიტერატურული წერილები. თბ. : საბჭ. საქართველო, 1976.
წყარო: shakespeare.tsu.ge