ქუთაისის "ახალგაზრდული ცენტრის" დირექტორი, ნატალია პატარიძე სტუდენტი ანზორ სვიანაძის სასწავლებლიდან გარიცხვას ამ უკანასკნელის მიერ "ფეისბუქ" გვერდზე ლგბტ თემის მიმართ სიძულვილის გამოხატვას უკავშირებს.
ამის შესახებ "პირველს" ქუთაისის "ახალგაზრდული ცენტრის" დირექტორმა ნატალია პატარიძემ უთხრა.
"პირველი" მეორე მხარეს სტუდენტ ანზორ სვიანაძეს დაუკავშირდა. სვიანაძემ სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ ის არ არის საჯარო პირი და აბსოლუტური უფლება აქვს საკუთარ პირად სივრცეში აზრის დაფიქსირების. სვიანაძე: "მე ჩამქოლეს, აღმოვჩნდი უმცირესობაში. ჩემს "ფეისბუქ" გვერდზე რომ შევიგინო, თუ კონკრეტულ პირს არ ვეხები არავის აქვს მსგავსი ქმედების ჩატარების უფლება. არაფერი დამიწერია სისულელე, მე რჩევა ვიკითხე".
ნატალია პატარიძე აცხადებს, რომ: "ანზორ სვიანაძე უკვე ერთი წელია ჩვენი მედიასკოლის სტუდენტია. ზოგადად, ჩვენი მედიასკოლა ერთწლიანია, მაგრამ ანზორმა მოინდომა კიდევ ერთი წელი ჩვენს სკოლაში გავლის. ამ ხნის მანძილზე ანზორმა მედია ქარტია შეისწავლა. ანუ იცის, რომ ძალადობა ჟურნალისტის მხრიდან არ შეიძლება. ანზორს ამ ეტაპზე საუნივერსიტეტო განათლება არ აქვს, ანუ ჩვენგან უნდა დასაქმებულიყო სხვადასხვა სააგენტოში. ბუნებრივია, როდესაც მომავალი ჟურნალისტისგან, რომელიც რამდენიმე თვეში სხვადასხვა სააგენტოში უნდა დასაქმდეს მსგავსი ინციდენტი იკვეთება ჩვენი პრესტიჟის საკითხია. ფიქსირდება შემდეგი ფაქტი: თუ ჩვენ რომელიმე სააგენტოში რეკომენდაციას მივცემდით, მაშინ ასეთი განცხადების მქონე სტუდენტი უნდა შეგვეშვა სააგენტოში. ასევე ჩვენ მას რამდენიმე შენიშვნა გაფრთხილება მივეცით, მაგრამ მან მიიჩნია, რომ ეს ყველაფერი თავისუფალი აზრის შეზღუდვა იყო. არ გვინდა მსგავსი სიძულვილის ენით მოსაუბრე სტუდენტი ჩვენს სახელთან იდენტიფიცირებული იყოს. ნებისმიერ ტრენინგზე მედიასკოლის სახელით ფიქსირდებოდა. ჩვენ ვგმობთ ძალადობას და არ გვინდა ამ აზრის სკანდირებას ხელი შევუწყოთ", - აღნიშნა პატარიძემ.
"ახლგაზრდული ცენტრის დირექტორმა ნატალია პატარიძემ სასწავლებლიდან გამრიცხა. გადაწყვეტილების მიზეზი ჩემს პირად "ფეისბუქზე" საკუთარი აქტივობა გახდა. სოციალურ ქსელში ვწერ - "ლგბტ თემის ხალხი, რომ შევაქო საზოგადოების ერთ ნაწილს მოეწონება, რომ არ შევაქო ვიღაცას არ მოეწონება, როგორ მოვიქცე ცოტა უხამსი სიტყვები და... მირჩიეთ რამე?" რა თქმა უნდა, მე კონკრეტულ ადამიანს არ შევხებივარ. და რაც მთავარია, ჩემს "ფეისბუქ" გვერდზე, რასაც მინდა იმას დავწერ. მე ჯერ არ ვარ საჯარო პირი, არც ვიყავი. შესაბამისად, არავის ქონდა უფლება უბრალო მოქალაქეს ასე მოქცეოდა. პირველ რიგში, საშინლად დამამცირეს. ქალბატონმა ნატალიამ ჩემი ინფორმაცია "დასქრინა" და თავის პირად "ფეისბუქ" გვერდზე გადაიტანა. ჯერ ერთი, გარიცხვის შესახებ პირადად არ უთქვას, სოციალური ქსელიდან გავიგე. "ფეისბუქ" მომხმარებლების მხრიდან ჩემს მიმართ ძალიან დიდი აგრესია იყო. ყველამ ნატალიას მხარე დაიჭირა და ვერ მიხვდნენ - 200 კაცი ერთის წინააღმდეგ იყვნენ. ეს არ არის დისკრიმინაცია? ეს არ არის ადამიანის ჩაქოლვა? ეს არ არის აზრის დაკნინება? მითხრა - იმიტომ გაგრიცხეთ, რომ ჟურნალისტობაზე პრეტენზია გაქვსო. მე შეიძლება, ჟურნალისტი საერთოდ არ გამოვიდე, არ შეიძლება? ამ ყველაფერზე მარტივი პასუხი გამცა: პრესტიჟს ულახავ ჩვენს ცენტრსო და თავად რომ გაავრცელა ეს ყველაფერი? რა ქნა ამით, თუ პრესტიჟს ვლახავდი? ვინ დაკნინდა? ასევე იყო, მუქარის მსგავსი განცხადებები: შენ ხომ იცი, აქ ქუთაისში ყველა სააგენტოსთან მიმიწვდება ხელი. ასევე, გუშინ დირექტორმა მითხრა: დაგაბრუნებ მოგცემ შანს, მაგრამ მსგავსი სისულელები აღარ გამაგონოო. მე ჩამქოლეს, აღმოვჩნდი უმცირესობაში. ჩემს "ფეისბუქ" გვერდზე რომ შევიგინო, თუ კონკრეტულ პირს არ ვეხები არავის აქვს მსგავსი ქმედების ჩატარების უფლება. არაფერი დამიწერია სისულელე, მე რჩევა ვიკითხე", - განაცხადა სვიანაძემ.
"პირველი" კონკრეტული თემის გავრცობასა და ანალიზს იურისტებისა და სახალხო დაცვის აპარატის წარმომადგენლის კომენტირებით შემოგთავაზებთ.
წყარო: pia.ge