„ფერეიდნელები 2 მილიონამდე ვართ და 80 მილიონიდან ვერავინ გვიბედავს ჩაგრვას. აქ რა გჭირთ?!“



თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე ფერეიდნელი ქართველების შესახებ სოციალურ ქსელ „Facebook“– ში წერს.
„წილკანის წმ.გიორგის სალოცავია. აქ ვიყავი დღეს, მეგობრებისა და საკუთარი ფიქრების ამარა. ფერეიდნელ ქართველთა ოჯახმა მიიქცია ჩვენი ყურადღება. მამუკა ბათუაშვილი ფერეიდანის მარტყოფიდან, 63 წლის. მეუღლესთან და შვილთან ერთად წმ.გიორგის ტაძარში მოსალოცად იყო ამოსული. მოვიპატიჟეთ, ვისაუბრეთ, ერთმანეთი დავლოცეთ. ორი რამით დაგვამახსოვრა თავი: დიდი ხანია აქა ვარო, ვიცი რა პრობლემაზე წუხართ და მიკვირს თქვენი: ჩვენ, ფერეიდნელები 2 მილიონამდე ვართ და 80 მილიონიდან ვერავინ გვიბედავს ჩაგვრას. აქ რა გჭირთ? და მეორე: საქართველოში რომ ჩამოვედი, გინება ვისწავლეო, ფერეიდანში არ ვამბობთო ამ სიტყვებს, ამაზე შეიძლება ოჯახი გაუწყვიტონ კაცს… მერე კიდევ თქვა რაღაც-რაღაცები, მაგრამ უკვე მნიშვნელობა არ ქონდა დანარჩენს. ბურთი გამეჩხირა ყელში. სხვებსაც. ვიდექით ქართველი ნაომარი ვაჟკაცები, ერთდროულად ამაყნი და დარცხვენილები. ვგრძნობდით, რომ ამ 300 წლის წინ საქართველოდან ირანის უდაბნოში გასახლებულ ქართველებს გაცილებით მეტად შეუნახიათ ქართველობა, ვიდრე ჩვენ, რომლებსაც ჩვენი ქართველობა დღითი-დღე ხელში გვადნება და უსუსურები საკუთარ უმწეობას ვუმზერთ.
2017 წლის 2 ივლისი. განგებამ ინება შენთან შეხვედრა სწორედ დღევანდელ დღეს ჩვენო მარტყოფელო ძმაო, რომ კიდევ ერთხელ გვეგრძნო ქართული გენეტიკის ძალუმი სუნთქვა, რომ კიდევ ერთხელ ვზიარებოდით ჭეშმარიტებას, რომ ქართველი ჩაგვრისთვის არაა გაჩენილი… ამ 24 წლის წინ ვფიქრობდი, რომ ეს გამოცდა ჩაბარებული მქონდა…“, – წერს დავით თევზაძე.
წყარო: accent.com.ge