უკვე 18 საათზე მეტია, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს



ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სპეცოპერაცია დამთავრდეს ისე, რომ არცერთი მოქალაქე არ დაზიანდეს - ეს განცხადება დევნილთა მინისტრმა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სოზარ სუბარმა გააკეთა.
„შესაბამისი სამსახურები აკეთებენ განცხადებას იმ დოზით, რა დოზითაც შესაძლებელია ამ ეტაპზე, რომ არ შეექმნას საფრთხე მოსახლეობას. ერთი რამე შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სპეცოპერაცია დამთავრდეს ისე, რომ არცერთი მოქალაქე არ დაზიანდეს. ამაზე მეტი განცხადება ჩემგან არ იქნება.
სპეცოპერაციის მიმდინარეობასთან ერთად, რაც ახალი დეტალი იქნება, რაც საჭირო იქნება, იმაზე შესაბამისი სამსახურები გააკეთებენ განცხადებას,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებმა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის ჩაწერა მოახერხეს.
ზურაბ ალავიძე მცირე კომენტარით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ სპეცოპერაცია მიმდინარეობს და შესაბამისი სამსახურები გააკეთებენ კომენტარს. 
უკვე 18 საათზე მეტია, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. მთელი ღამის განმავლობაში გაბრიელ ბერის ქუჩაზე ინტენსიური სროლის და აფეთქების ხმა ისმოდა. სროლის ხმა ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინაც გაისმა.