,,უცნაური თავის ტკივილი”- გოგიტა გეგელაშვილის ახალი, რევოლუციური წიგნი



2 ნოემბერს, “დიდუბე პლაზაში” ჩატარდება ცოტნე ჩხიკვიშვილის სახელობის საქართველოს თავის ტკივილის საზოგადოების ყრილობა, სადაც ცნობილი ნევროლოგი, თავის ტკივილის საზოგადოების პრეზიდენტი გიორგი (გოგიტა) გეგელაშვილი ახალი წიგნის პრეზენტაციას გამართავს.
ავტორის თქმით, „ცუდი თავის ტკივილი“ იშვიათია, მაგრამ ამ იშვიათობით მრავალი ადამიანია შეწუხებული. უნებლიეთ „გაპარული“ ყველა სერიოზული ავადმყოფობა ექიმისთვის მოუნელებელ დარდად რჩება მთელი ცხოვრება…
მაგრამ, ვისაც ერთხელ მაინც განუცდია წლების მანძილზე „უცნაური“ თავის ტკივილით გაწამებული ადამიანის გამონათებული სახის დანახვის სიხარული მისი საცნაურად გახდომის და წარმატებული მკურნალობის შემდეგ, ის ექიმობის ამ დარგს ვერასგზით ვერ შეელევა…
ყრილობამდე რამდენიმე დღით ადრე “ფოსტალიონი” გოგიტა გეგელაშვილს ესტუმრა და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. ცნობილი ნევროლოგის თქმით, საქართველოში მტანჯველი და გამუდმებული თავის ტკივილის გავრცელება საგანგაშოდ მაღალია,
ხოლო დიაგნოზების უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს და წიგნის შექმნის იდეა სწორედ ამან განაპირობა.
– და როგორ გამოიყურება ეს „საგანგაშო მონაცემები“?
საქართველოში ჩატარებულმა საერთაშორისო ეპიდემიოლოგიურმა კვლევამ გაჭიანურებული თავის ტკივილის შემაშფოთებელი მონაცემები გამოავლინა. აღმოჩნდა, რომ ჩვენი მოსახლეობის საგულისხმო ნაწილი ცხოვრების უმრავლეს დღეებს თავის ტკივილში ატარებს. ამერიკულ-ევროპული ორიენტაციის ქვეყნისთვის ეს ნიშნული განსაკუთრებით საგანგაშოდ გამოიყურება, რადგან „თავის ტკივილი ≥15 დღე/თვეში” მაჩვენებელით ბევრად დავშორდით ამერიკის შეერთებულ შტატებს (4%) , ევროპას
(3,3%) და უფრო ახლოს ვართ რუსეთთან (10.5%). ამავე დროს, გაურთულებელი შაკიკის, დაძაბული ტიპის და ჯგუფური თავის ტკივილის გავრცელება საქართველოში დიდად არ განსხვავდება განვითარებული ქვეყნებისაგან.
– რა განაპირობებს თავის ტკივილის გაჭიანურებას?
-ეპიზოდური თავის ტკივილის ქრონიკულად გარდასახვის უმთავრესი მიზეზებია ცოდნის სინაკლულე, არასწორი დიაგნოზი და არასწორი მართვა.
– იქნებ, ეს იმის ბრალია, რომ ყველას არა აქვს კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღების საშუალება?
-კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვა გამორიცხავს თავის ტვინის ორგანულ პათოლოგიებს. მაგრამ ამ პათოლოგიების ხვედრითი წილი 1- 2%-ია მხოლოდ. დანარჩენი ის მეორადი თავის ტკივილებია, რომელიც გადაღებით არ შეიძლება გამოვლინდეს. მაგრამ, თავის ტკივილების უმრავლესობა პირველადია.
– არ შეიძლება თუ ვერ ვავლენთ?
-უბრალოდ, არ შეიძლება სადმე სჩანდეს. მაგალითად, შიმშილის თავის ტკივილი სად უნდა გამოჩნდეს, რომელი აპარატი გაზომავს? ან ალკოჰოლური თრობის მეორე დღეს განვითარებული თავის ტკივილი, ამის აპარატურული ანალიზი საკმაოდ რთულია. ზამთარი მოდის და რამდენ ოჯახშია გამათბობელი, რომელიც არასრული წვის
პროდუქტებს აგროვებს სხვენში, სარდაფში, გაუნიავებელ სათავსოებში, თუნდაც კოცონის დანთებისას. ნახშირჟანგით მოწამვლას არანაირი სპეციფიური ნიშანი არ აღენიშნება უღონობის და თავის ტკივილის გარდა, ის ძალიან ჰგავს მწვავე ვირუსულ ინფექციას. შესაბამისად, ყველა იმ ტკივილს, რომელსაც ზოგიერთი ექიმი სახელს ვერ არქმევს, ოსტეოქონდროზს მიაწერს. ე.წ. „მარილების დაგროვება“ 20 წლიდან შეიძლება დაიწყოს. ანუ თუ 20 წელზე მეტი ასაკის პაციენტმა მიმართა ექიმს – ცრუ მიზეზის პოვნა გარანტირებული აქვს.
– თქვენ გინდათ თქვათ, რომ თავის ტკივილის დიაგნოზი შეიძლება ვინმემ გამოიგონოს?
-დიახ, ჩვენ ამას „გამოგონებას“ ან „მითიურს“ ვუწოდებთ. ისე, გულწრფელად თუ გნებავთ გითხრათ არასწორი დიაგნოზის დასმას სამედიცინო შეცდომა ეწოდება. ყველაზე ხშირი შეცდომების მაგალითებია: „შიდაქალის წნევა”, „თ/ტვინის იშემია”, „სისხლძარღვების შევიწროება”, „ოსტეოხონდროზი”, „თ/ტვინში ჟანგბადის მიუწოდებლობა”, „მალების წანაზარდები”, „კისრის გამრუდება”, „კიმერლეს ანომალია”, „ატლანტის ამოვარდნა”, „ზედა აპერტურის სინდრომი”, „წნევის თამაში”, „ნერვის გაცივება”, „ვირუსმტარებლობა”, „ორგანიზმის მოწამვლა”…
– და, რა მოჰყვება ამ შეცდომებს? ამოწმებს ვინმე?
-არასწორი დიაგნოზი განაპირობებს არასწორ მართვას, რასაც პირველადი თავის ტკივილის ქრონიკულად გარდასახვა სდევს თან. ქრონიკული თავის ტკივილით შეპყრობილი ადამიანები არაერთგზის მიმართავენ სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებას და იკეთებენ უამრავ არასათანადო გამოკვლევას. პაციენტები ცდილობენ, იპოვონ საუკეთესო “თავის გადასაღები აპარატი” და იმეორებენ ან ცვლიან
ნეიროგამოსახვის მეთოდებს. თავის ტკივილით დატანჯული ადამიანების საკმაო რაოდენობა ნახევრად ოფიციალურ თუ არაოფიციალურ მკურნალებს აკითხავს „სისხლის გასაწმენდად”, „ვირუსების გამოსადევნად”, „პირველი მალის ჩასასწორებლად”;
შეძლებული თანამემამულენი კი, ზოგჯერ, მეზობელ თურქეთს ან ევროპას მიაშურებენ “თავიდან ბოლომდე გამოსაკვლევად” და „ღიმილნარევ გაოცებას” იწვევენ უცხოელ კოლეგებში.
– არასათანადო გამოკვლევებში რას გულისხმობთ?
-არასათანადო შეიძლება ვუწოდოთ ისეთ ინსტრუმენტულ გამოკვლევებს, რომლებიც არც ექიმისთვის და არც პაციენტისთვის საჭირო არ არის და შეუფერებელია. მაგ.: (1) არ შეიძლება ასახავდეს თავის ტკივილის მიზეზს; (2) მოცემულ შემთხვევაში უადგილოა; (3) ზედმეტია; (4) ჯანმრთელობისთვის საზიანოა და ა.შ.
– ჯანმრთელობისთვის საზიანოში რას გულისხმობთ?
-რენტგენის დასხივებას, როდესაც იგი საჭირო არ არის. თავის ქალას და კისრის მალების რენტგენოგრაფია გამონაკლის შემთხვევებში უნდა გაკეთდეს. ჩვენ კი ამით ვიწყებთ და თავსაც ვიტყუებთ მეტწილად. ცხვირის დანამატი წიაღების რენტგენოგრაფიას 30-40%- იანი შეცდომა მოსდევს. ტრანსკრანიული დოპლერი საერთოდ არ არის მავნებელი, მაგრამ ძირითადად ექიმის „დაბნევას“ უწყობს ხელს და არა პაციენტის დაკვალიანებას.
– „არ შეიძლება ასახავდეს თავის ტკივილის მიზეზს“ რას ნიშნავს? აბა რისთვის არსებობს?
-მაგალითისთვის ავიღოთ ექოსკოპია. იგი მეტად იაფი და ინფორმაციულია, როდესაც მუცელს, მცირე მენჯს, ფარისებრ ჯირკვალს, გულის ანატომიას და ფუნქციებს ვიკვლევთ, მაგრამ სრულიად ფუჭია, როდესაც ვცდილობთ ექოსკოპიურად ქალას შიგა
წნევა გავზომოთ, ან თავის ტვინის სტრუქტურა შევაფასოთ ზრდასრულ ადამიანში, რომელსაც ყიფლიბანდი უკვე შეხორცებული აქვს. ალბათ, ვიღაც მოიცლის ამისთვის და აკრძალავს. მეთოდის აკრძალვა მარტივია, როდესაც მას დამცველი არა ჰყავს და
საზოგადოებაც წინ აღუდგება, ან მაშინ, როდესაც „ცუდ ტონად“ ჩაითვლება. იყო დრო, როდესაც „შიდაქალის წნევას“ წნევის აპარატით, ხოლო არტერიულ წნევას საქორწილო ბეჭდით ზომავდნენ. ახლა ეს „მეთოდები“ მივიწყებულია. არ გახსოვთ აეროპორტებში
გეომაგნიტური მრუდებით ვაჭრობა? მ-ექოენცეფალოსკოპიასაც იგივე მოუწევს, მიუხედავად იმისა, რომ „კარგად წერს“ და „რიგი უდგას“.
– მაშინ, რატომ ენდობა ხალხი, რა უნდა იყოს ამის საფუძველი?
-ტკივილით გაწამებული ადამიანი კი გენდობა, მაგრამ რა უფლება გაქვს ისარგებლო ამით და მოატყუო… მაგრამ, მოტყუებასაც თავის წიაღსვლები აქვს. არა მგონია, ამ ადამიანებმა იცოდნენ, რომ ბოროტებას სჩადიან; მათ უბრალოდ არ იციან და სჯერათ.
თანაც, თავის ტკივილმა მართლაც იცის თავისთავადი გამოკეთება, თუნდაც თბილი საუბრის შემდეგ; ხოლო თუ პაციენტს დავარწმუნებთ, რომ ჟანგბადის წვეთებით, პირველი მალის ჩასწორებით, ან ბალახ-ბულახით შეიძლება ტკივილისგან გათავისუფლება – შეიძლება მოგვენდოს კიდეც ვინმე…
– თქვენს წიგნში ამაზე გექნებათ საუბარი?
-დიახ, და თანაც დაუფარავად. შემიძლია წიგნის ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი სტრიქონებიც გიჩვენოთ და გააცანით „ფოსტალიონის“ მკითხველებს. აი, ისიც:
თავის ტკივილის “საზოგადოებრივი ალგორითმი”. “თავი ამტკივდა” – ვის არ გვქონია ბავშვობაში ამგვარი საწუწუნო მშობელთან, ბაღის აღმზრდელთან თუ სკოლის მასწავლებელთან. ისინიც, უნებლიეთ, მტევანს ხელუკუღმა საფეთქელზე დაგვადებდნენ, რასაც ხშირად კოცნაში გადასულ ტუჩებსაც მიაშველებდნენ. ბიჭობაში შესვლისას მრჩევლები შეგვეცვალა და საპასუხო შესაგებებელმაც არ დააყოვნა: “ნაბახუსევი ხარ?”. ყმაწვილ გოგონებს კი, მოწყენილობის ჟამს, ყურში ჩუმად ჩასჩურჩულებდნენ: “მოგივიდა?”… კითხვა-პასუხს მოსდევდა დაყვავება, თავის გაკვრა, ცხელი ჩაი ან ცივი მინერალური წყალი. დიალოგი თუ დიდხანს გაგრძელდებოდა, ტაბლეტიც “შემოდიოდა” ხოლმე “თამაშში” და იგი, რატომღაც, თეთრი, მრგვალი
და სწორკუთხა იყო ყოველთვის. ერთადერთი, რასაც ჩვენზე მზრუნველები შეშინებული თვალებით უცქერდნენ და საკუთარ თავზე ვერ იღებდნენ, თავის ტრავმა იყო. ამ დროს სასწრაფოდ ექიმს უხმობდნენ დასახმარებლად… თავის ტკივილის მიზეზის ძიების და მართვის ეს “ალგორითმი” არავის მოუგონია. მას საზოგადოებამ თავად
მიაგნო ოდესღაც, თაობიდან თაობას გადასცა და ისე დახვეწა დროთა განმავლობაში. “გამოგონებული დიაგნოზები”. მეორე მსოფლიო ომის კვამლის დაცხრომის შემდეგ ადამიანის კეთილდღეობასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის ასპარეზი ფართოდ გაიშალა. მედიცინას, ამ პერიოდში, დიდი გარღვევების ეპოქა დაუდგა. ტექნიკური მიღწევები ექიმს ავადმყოფობის მიზეზის გამოცნობის სულ უფრო და უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევდა. მაგრამ, ახალი ინსტრუმენტული საშუალებების დანერგვის შემდეგაც თავის ტკივილის ზუსტი წარმომავლობა უმეტესად გაურკვეველი რჩებოდა.
საბჭოთა მედიცინისთვის ამგვარი “ბუნდოვანება” სრულიად მიუღებელი იყო. სამაგიეროდ, “წახალისებული” გახლდათ ნებისმიერი ცვლილების პოვნა დამატებითი გამოკვლევებით, “დიაგნოზის გამოგონება” და პოლიპრაგმაზია. ექიმის გულითადი საუბარი და მადლიანი სიტყვა თანდათან ჩაანაცვლა ინსტრუმენტულმა “ვერდიქტმა”. ამგვარმა მიდგომამ “ფსევდოდიაგნოზებს” ნოყიერი ნიადაგი შეუქმნა და საზოგადოების ცნობიერებაშიც ახლებურად აისახა საუკუნეებგამოვლილი “თავის ტკივილის ალგორითმი”.
– მაინც რა მიგაჩნიათ შეცდომების ყველაზე მნიშვნელოვან მიზეზად?
-მთავარი ის გახლავთ, რომ საქართველოში ძირითადად მეორადი თავის ტკივილის დიაგნოზი ისმება. ჩვენ „არ ვცნობთ პირველადს”, მაგრამ „პირველადი გვცნობს ჩვენ” და, სერიზულადაც…
– რას ნიშნავს პირველადი თავის ტკივილი?
-პირველადია შაკიკი, დაძაბული და ჯგუფური, სიცივის და კიკინების მოჭერის, აგრეთვე სხვა უამრავი თავის ტკივილის ფორმა. პირველადი თავის ტკივილების ცნობადობის ამაღლებისთვის ყველაზე ხმამაღალი აწ განსვენებული პროფესორის, ბატონი ცოტნე ჩხიკვიშვილის ხმა გამოდგა, რომელიც თავის ტკივილის სწავლების ერთ-ერთი პიონერი
გახლავთ საქართველოში. თავის ტკივილის საზოგადოებას სწორედაც ამიტომ ვუწოდეთ ჩვენი სულმნათი მასწავლებლის სახელი.
– რატომ აირჩიეთ წიგნის ამგვარი დასახელება – „უცნაური თავის ტკივილი“?
-ავადმყოფობა „უცნაური“ შეიძლება იყოს მანამდე, ვიდრე იგი „საცნაური“ ანუ ექიმისთვის ცნობილი არ გახდება. დღეისთვის 300-ზე მეტი თავის ტკივილის ფორმაა აღწერილი; ზოგიერთი მათგანი სულ ახლად არის ფორმულირებული და, ბუნებრივია, ქართველი მკითხველისთვის შეიძლება უცნაური იყოს. ჩვენი მთავარი გზავნილიც ამ სულისკვეთებითაა განმსჭვალული: „მოდი, ერთად გავხადოთ „უცნაური ქართული თავის ტკივილი” საცნაური და ვიცხოვროთ ტკივილის გარეშე!“
– მკურნალობაზე რას გვეტყვით?
-მკურნალობის მთავარი პრობლემა არაეფექტიანი და ძვირადღირებული წამლებია, რომელსაც ბედნიერება მხოლოდ ფარმაცევტული კომპანიებისთვის მოაქვს. ჩვენთან ზოგიერთი ისეთი წამალი ვრცელდება, რომელიც დიდი ხანია დაივიწყა ცივილიზებულმა
მსოფლიომ… პაციენტთა უსაფრთხოების ალიანსის კვლევით, ფუჭი წამლების ბრუნვა დაახლოებით 40 მლნ დოლარს მოიცავს ყოველწლიურად. მე უაღრესად დიდ პატივს ვცემ ექიმებს, რომლებიც თითქმის არ განსხვავდებიან თანამედროვე სტანდარტებით
მოღვაწე დასავლელი კოლეგებისგან, აკეთებენ უნიკალურ ოპერაციებს, სვამენ სწორ დიაგნოზებს. მაგრამ არიან ექიმები, რომლებიც ფარმაცევტული კომპანიების გულის გასახარად ასაღებენ ისეთ წამლებს, რომლებიც ყველა ქვეყანამ გამოდევნა თავისი ბაზრიდან, საქართველოში კი ფარმაკოლოგიური ტერორიზმის ნაგვად ილექება…
– კიდევ რა სიახლეს გვთავაზობს თქვენი წიგნი
-წიგნის მთავარი სიახლეა გამაფრთხილებელი ბარათი „ფრთხილად, თავის ტკივილი ს-ა-გ-ა- ნ-გ- ა-შ- ო-ა“, სადაც თითოეული ფრაზა გულისხმობს იმ საშიშროებას, რომელიც ექიმისგან განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. თითოეული ამ გაფრთხილებისთვის წიგნში მოცემულია გამოკვლევის გეგმა. ბარათი ექიმებისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ მცირე სწავლების შემდეგ იგი შეიძლება „112“-ის დისპეტჩერმა ან ნებისმიერმა ადამიანმა გამოიყენოს და ეჭვი მიიტანოს ან ამოიცნოს სიცოცხლის საფრთხის შემცველი თავის ტკივილი. მსგავსი „მნემონიკები“ ანუ სამახსოვრო ბარათები
ყველა განვითარებულ ქვეყანას აქვს მშობლიურ ენაზე შედგენილი. არ იფიქროთ, რომ ეს ბარათი ლექსივით ერთ დღეს დაიწერა. „ს-ა- გ-ა- ნ-გ- ა-შ- ო-ა“-ს „მუზა“ დიდი ხანია არ გვასვენებდა. მეორადი თავის ტკივილის საძიებელი ბარათის შესადგენად ათობით შეხედულების, ასობით კვლევის, ათასობით ფურცლის და ათიათასობით სხვათა
შემთხვევის გაცნობა დაგჭირდა. ამას მოჰყვა კოლეგებთან თათბირი, რომელმაც დაახლოებით 5 წელი დაიჭირა. იგი ბევრჯერ შეიცვალა, დაიხვეწა, პრაქტიკაში გამოიცადა და მხოლოდ ამის შემდეგ მივეცით ჩვენ თავს გამოქვეყნების უფლება…
– „ს-ა- გ-ა- ნ-გ- ა-შ- ო-ა“ ყველა პრობლემას მაოგვარებს?
-რა თქმა უნდა არა. იგი ექიმს პირველადი თავის ტკივილების „თივის ზვინში ნემსის პოვნას“ გაუადვილებს და მეორადი თავის ტკივილის ხათაბალას ააცდენს მხოლოდ. წიგნში თავის ტკივილები დალაგებულია ფუნქციურად ანუ იმგვარად, რომ ექიმს და
დაინტერესებულ მკითხველს გაუადვილდეს ასობით სხვადასხვა ტკივილში სათანადო ავადმყოფობა გამოარჩიოს. სწორედ ამიტომ წიგნის გარეკანზე გამოვიტანე „მოწოდება“ კოლეგებისადმი: „არც შიში გვმართებს თავის ტკივილის მიმართ და არც მეტისმეტი
გამბედაობა. სიფრთხილის მიმდევრებო, დამემგზავრეთ თავის ტკივილის უცნაური სამყაროს კუთხე-კუნჭულში…“
– მაინც როგორი სტრუქტურა აქვს წიგნს?
-წიგნი 12 კარისგან შედგება, მაგრამ თუ ყოველივეს ერთი ამოსუნთქვით ვერ წაიკითხავთ, შეგიძლიათ „შეაღოთ თქვენთვის ყველაზე საინტერესო კარი“: I კარი „ქართული თავის ტკივილის“ ადგილს გაპოვნინებთ მსოფლიოში, II კარი- “უწყინარი
თავის ტკივილების ზვინში“ ნემსებად გაბნეული “საშიში თავის ტკივილების” საძიებო გზამკვლევად გამოგადგებათ, III კარი თვალცრემლიან თავის ტკივილებზე მოგითხრობთ, IV კარი კეთილდღეობაში ხათაბალასაც გაპოვნინებთ, V კარი ყველაზე “ვერაგ თავის ტკივილებს” დავუთმეთ, VI კარი “კეთილი” წარმონაქმნების “გაავებას” ეძღვნება, VII კარი თავზარდაცემის იშვიათობებს გაგაცნობთ * VIII კარი საკუთარ გარემოში დაგებულ მახეებს ეხება, IX კარი ჰემიკრანიის სანაცვლოდ ეპიკრანიას შეგახსენებთ, X კარი
სრულიად “ქრონობიოლოგიურია”, XI კარში “დაუსრულებლის დასრულებაზე” ვისაუბრებთ, XII კარი “ცნობილს” უცნობი თვალით დაგანახებთ, დანართი საინტერესო მასალებს გიმზადებთ…
– „უცნაური თავის ტკივილი” მხოლოდ ექიმებისთვის არის განკუთვნილი?
-წიგნი მარტივი და გასაგები ენითაა დაწერილი და მას სიამოვნებით წაიკითხავს ფართო საზოგადოება. შეიძლება გარკვეული თავები გადამღლელი იყოს – სადაც სამედიცინო ტერმინოლიგია, სტატისტიკა და სხვა მონაცემებია, მაგრამ ძირითადად ისეთი სულისკვეთებით არის დაწერილი, რომ ნებისმიერი ადამიანი გაიგებს. იქ არის ისეთი
საინტერესო თავები, რომელსაც წიგნის მოყვარული ადამიანი სიამოვნებით წაიკითხავს- ეს არის ალკოჰოლით, კოფეინით, მოჭერილი ქუდით, სიცივეში გასვლით, თვითმფრინავით ფრენით, ნახშირჟანგით მოწამვლით, ნიტროგლიცერინის მიღებით
ატკივებული თავი. მამაკაცებს დააინტერესებს პოტენციის ასამაღლებელი საშუალებებით გამოწვეული თავის ტკივილის აღწერა. ანუ წიგნში ბევრი რამ საინტერესოა…
– რა ტირაჟით გამოვა ეს წიგნი?
-მოაზრებული გვაქვს 4 ათასი ეგზემპლარი, თუმცა თავიდან ამდენს არ დავბეჭდავთ, შეიძლება ათას-ათასობით დაიბეჭდოს.
– ყრილობაზე გაიყიდება წიგნის პირველი ეგზემპლარები?
-თავიდან ვაპირებდით მოგვეძიებინა სახსრები და საჩუქრად დაგვერიგებინა ექიმებისთვის, თუმცა გვირჩიეს გაგვეყიდა, რადგან ქართველი მკითხველი უნდა მიეჩვიოს წიგნის ყიდვას. ფსიქოლოგების მტკიცებით, ადამიანი კითხულობს იმ წიგნს, რაშიც ფულს იხდის. ხოლო როდესაც ჩუქნიან, მიიტანს სახლში და შემოდებს თაროზე.
– კარგი იქნება, სამკურნალო დაწესებულებებმაც შეიძინონ ეს წიგნი და დაურიგონ თავიანთ ექიმებს.
-პარადოქსია, მაგრამ სამკურნალო დაწესებულებები სულაც არ არიან სწორი დიაგნოზების დასმით დაინტერესებულნი. სამწუხაროდ, საქართველოში სამედიცინო ბიზნესი და მედიცინა ძირითადად ორ სხვადასხვა პოლუსშია წარმოდგენილი. ექიმები თვეობით ვერ იღებენ ხელფასს და ძირითადად დიდად არც ულხინთ…
– რა მოლოდინი გაქვთ?
-თუ სწორად გავიაზრებთ „თავის ტკივილის ქართულ ფენომენს”, ცოტა მეტად ვუერთგულებთ თანამედროვე ლიტერატურას, ცოტა ნაკლებად ვეცდებით ფარმაცევტული კომპანიების „გულის მოგებას”, ცოტა მეტ დროს დავუთმობთ პაციენტთან საუბარს და „გაუთავებელ” ნეირო-გამოკვლევებს „გულდადებული ნეირო- გასინჯვით” ჩავანაცვლებთ, ადვილად გავაუმჯობესებთ თავის ტკივილის დიაგნოზის დასმის და მართვის კულტურას. სულ ცოტა ძალისხმევა და მართლაც შევძლებთ
„ჩამოვირეცხოთ ქრონიკული თავის ტკივილის 7.6%-ანი ლაქა”,  ჩავისუნთქოთ ევროპული „ნაკლებად ტკივილიანი ჰაერი” და შვებისგან ამოვისუნთქოთ…
წყარო: postalioni.com