ყველაფერი, რაც აზიური ფაროსანას შესახებ უნდა იცოდეთ - როგორ ვებრძოლოთ ? (ვიდეო)



ბაღებსა და ნათესებში გავრცელებულ აზიურ ფაროსანას გამოზამთრების დრო დაუდგა. მავნებელი აპრილამდე ძილისთვის ემზადება. მანამდე კი ის ადგილს ეძებს საცხოვრებელ ბინებში, ძვრება ნაპრალებში, სხვენზე, კარებისა და ფანჯრის ღრი­ჭოებში; ასევე ბაღებსა და ტყეში ჩამოცვენილი ფოთლე­ბის სქელი ფენის ქვეშ და ხეების ფუღუროებში. აზიური ფაროსანას (იგივე აზიური ბაღლინჯო, ლათ.: Halyomorpha halys) სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაა. ის იკვებება მცენარეებით. კვებას ფაროსანა გაზაფხულზე, აპრილის ბოლოდან იწყებს და გვიან შემოდგომამდე აგრძელებს. მავნებელი იკვებება ფოთლის, ყლორტისა და ნაყოფის წვენით; ძლიერი ხორთუმის მეშვეობით ხვრეტს ახალშემოსული თხილის ნაჭუჭს და ათხელებს ნაყოფის შიგთავსს.

იკბინება თუ არა ფაროსანა

რამდენად მავნეა ეს მავნებელი ადამიანის ჯანმრთელობისთვის - ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზის ინფორმაციით კი, აზიური ფაროსანა ადამიანისთვის მავნებელი არ არის. ის არ იკბინება. სამაგიეროდ ფაროსანა საშიშია შინაური ფრინველებისთვის, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ფრინველმა მავნებელი შეწამლული ბაღიდან შეჭამა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეკომენდაციით, შეწამლულ ტერიტორიაზე შინაური ფრინველის ან პირუტყვის გაშვება 18-20 დღე არ შეიძლება.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილია უფასო ცხელი ხაზი:

1. სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო სამსახური - 15 01

2. სამეგრელო 16 600

3. გურია - 16 006

4. იმერეთი - 16 601
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობისთვის მნიშვნელოვანია როგორც ქიმიური წამლობა, აგრეთვე მექანიკური მეთოდების გამოყენება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოსახლეობამ გამოსაზამთრებლად თავშეფარებული მავნებლები უნდა შეაგროვოს და მექანიკურად გაანადგუროს. ამ პერიოდში ერთი ფაროსანას განადგურება ნიშნავს მომავალი სეზონისთვის 200-მდე ახალი ფაროსანას განადგურებას. იხილეთ ვიდეოინსტრუქცია:

სახლებში შესულ ფაროსანასთან მექანიკური ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდია მტვერსასრუტით შეგროვება და განადგურება.

რა არის აზიური ფაროსანა?

ფაროსანა მრავალი სახეობის არსებობს, თუმცა მავნებლობით აზიური ფაროსანა გამოირჩევა. ზრდასრული მავნებლის ზომა 12-17 მმ-ია, განიერი, ყავისფერი, მარმარილოსებრი ტექსტურით, ფეხებზე, მუცლის გვერდებსა და ულვაშებზე თეთრი ზოლებით.

ფაროსანა და საქართველო
აზიური ფაროსანა საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. მწერმა 2016 წლის სეზონზე მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა თხილის მოსავალს. თხილის გარდა, ზრდასრული ფაროსანა და მატლი (ნიმფა) აზიანებს სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებს. ამცირებს მათ ხარისხს და ზოგიერთ შემთხვევაში გამოუსადეგარს ხდის მოსავალს. განსაკუთრებით აზიანებს თხილს, ვაშლს, ვაშლატამას, მსხალს, ჟოლოს, პამიდორს, წიწაკას, მზესუმზირას და სიმინდს.

12 მილიონი ფაროსანას წინააღმდეგ

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 მარტის განკარგულებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 7 574 400 ლარი გამოეყო, დამატებით სურსათის ეროვნულ სააგენტოს თხილის ფართობების დამუშავებისთვის საჭირო მუშახელის შრომის ანაზღაურებისთვის 4 854 400 ლარი გადაერიცხა, აქედან 1 421 300 ლარი მარტო ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 14 ათას ჰექტარზე თხილის ფართობის დასამუშავებლად. მოსახლეობას ჰექტარ-ნახევარს სახელმწიფო საკუთარი სახსრებით უწამლავს, 5 ჰექტრამდე ფართობის მფლობელებს კი, პრეპარატი გადაეცემა.
12 მილიონიანმა დაფინანსებამ დასავლეთ საქართველოში ფაროსანას შეკავებას ვერ უშველა. მავნებელი ვაკის პარკში შენიშნეს. ახლა სპეციალისტებმა უნდა დაადგინონ არის თუ არა ეს აზიური ფაროსანა.
როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას - ვიდეოინსტრუქცია
და ბოლოს, "მოამბის" ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში ფაროსანა დააჯდა
წყარო : 1tv.ge