14 წლის რუსი მოდელი ვლადა დზიუბე შანხაიში, 13 საათიანი ჩვენების შემდეგ გარდაიცვალა. გოგონა მაღალი ტემპერატურით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
„იმ დღეს ჩვენება 13 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა დროდადრო გოგონები ისვენებდნენ და ჭამდნენ. საღამოს ვლადა შეუძლოდ გახდა, ჩვენმა პარტნიორებმა ის სახლში გაუშვეს. გოგონას ტემპერატურა 40 გრადუსამდე ჰქონდა, ვლადამ ამის შესახებ პარტნიორებს შეატყობინა და ის სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში“,-განაცხადა სამოდელო სააგენტოს დირეტორმა ელვირა ზაიცევამ.
გოგონას დედა იხსენებს, რომ ვლადამ მას რამდენიმე დღის წინ, ტელეფონით უთხრა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა, ის სთხოვდა შვილს საავადმყოფოში წასულიყო, თუცა აღმოჩნდა, რომ 14 წლის გოგონა უცხო ქვეყანაში სამედიცინო დაზღვევის გარეშე იმყოფებოდა.
ჩინეთში 14 წლის რუსი მოდელის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ პოლიორგანული უკმარისობა გახდა. Newsru.com-ის ინფორმაციით, ამის შესახებ შანხაიში მდებარე რუსეთის გენერალურ საკონსულოში განაცხადეს.
„არსებობს ოფიციალური დოკუმენტი – გარდაცვალების მოწმობა საავადმყოფოდან, სადაც გარდაცვალების მიზეზად მითითებულია: პოლიორგანული უკმარისობა, სეფსისისა და ნერვული სისტემის ინფექციური დაზიანების ფონზე“, – აცხადებენ საკონსულოში.
საკონსულოს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ჯერჯერობით ჩინური მხარე არ ადასტურებს საავადმყოფოს დიაგნოზს. ამისთვის საჭიროა ექსპერტიზა, რომლისთვისაც საჭიროა მშობლის თანხმობა. მოდელის დედა ამჟამად მოსკოვში იმყოფება და უახლოეს მომავალში ჩინეთში ჩავა.
