დიდი გადაბარება - OGP-ს თავმჯდომარე ქვეყანა საქართველო გახდა!


საქართველო, ისტორიაში პირველად, 75 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის - „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) თავმჯდომარე გახდა. თავმჯდომარეობა ერთი წლით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან (Emmanuel Macron) დღეს ოფიციალურად გადაიბარა.

მაღალი დონის ღონისძიებაზე, რომელიც ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში გაიმართა, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ OGP-ის თავმჯდომარეობა და გამჭვირვალობისა და უფრო ძლიერი დემოკრატიისთვის მებრძოლი გლობალური მოძრაობის საქმიანობაში წვლილის შეტანა საქართველოს მთავრობისთვის საამაყოა.
"ჩემთვის უდიდესი პატივი და პრივილეგიაა, რომ ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლებს შორის ვარ და გამჭვირვალობისა და დემოკრატიის უდიდესი გავლენის მქონე გლობალური მოძრაობის ახლად არჩეული თავმჯდომარის სახით მოგმართავთ. ამ პროცესში ჩვენ ბევრ თქვენგანთან ვითანამშრომლეთ. ჩვენ გავიზიარეთ თქვენი საუკეთესო გამოცდილება და დაინტერესებულ პირებთან ერთად ჩვენი წარმატების ისტორიებიც განვიხილეთ. აღმაფრთოვანებს ის წარმატება, რომელსაც OGP-ის წევრი ქვეყნები მსოფლიოს გარშემო აღწევენ - აღმაფრთოვანებს მოსახლეობის მზაობა, გააკონტროლოს საკუთარი ხელისუფლება. მიუხედავად ამისა, ჩვენ კიდევ ბევრი გაკვეთილის სწავლა მოგვიხდება - არა მხოლოდ ერთმანეთის ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისგან, არამედ ჟურნალისტების, მეწარმეების და კარგი მმართველობის სფეროში არსებული სხვა ლიდერებისგან", - განაცხადა პრემიერმა.
წყარო: ipress.ge