ტრამპმა კიმ ჩენ ინს ზედმეტსახელი შეარქვა



აშშ-ის პრეზიდენტმმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს ზედმეტსახელი შეარქვა და მას "ადამიანი რაკეტა" უწოდა. ამის შესახებ ამერიკის ლიდერმა სოციალურ ქსელში დაწერა.


"საღამოს სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ტელეფონით ვესაუბრე და ვკითხე, როგორ არის "ადამიანი რაკეტა-მეთქი", - წერს ტრამპი ტვიტერზე.

თეთრი სახლის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარში ლიდერებმა ჩრდილოეთ კორეის მიერ 15 სექტემბერს რაკეტის გაშვების საკითხზე იმსჯელეს.

პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ ფხენიანის შესაკავებლად ეკონომიკური და დიპლომატიური ზეწოლა უნდა გაგრძელდეს.

გაეროს უშიშროების საბჭომ 11 სექტემბრის სხდომაზე ერთხმად დაუჭირა მხარი ჩრდილოეთ კორეისთვის სანქციების გაფართოების შესახებ რეზოლუციას. დოკუმენტი, ძირითადად, ეკონომიკური ხასიათის შეზღუდვებს გულისხმობს. რეზოლუციას მხარი რუსეთმაც დაუჭირა, რასაც ვაშინგტონში სწორი გადაწყვეტილება უწოდეს. ჩრდილოეთ კორეამ გაეროს აღნიშნული რეზოლუცია კატეგორიულად დაგმო. ფხენიანის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ის ჩაძირავს იაპონიას და ჯერარნახულ ტკივილსა და ტანჯვას მიაყენებს აშშ-ს. მოგვიანებით კიმ ჩენ ინმა მთავარ სამიზნედ აშშ დაასახელა და აღნიშნა, მთავარი მიზანი აშშ-თან ძალთა ბალანსის მიღწევაა, რათა ვაშინგტონი აიძულოს, პრობლემები სამხედრო გზით არ გადაწყვიტოს.
წყარო: pia.ge