"ციანიდის საქმეში" ბრალდებულის დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის ყველა ადვოკატმა დასკვნითი სიტყვა თქვა.
მისი თქიმთ, ყველა ადვოკატმა თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ მამა გიორგი მამალაძეს ციანიდი "ჩაუდეს".
მიხეილ რამიშვილი იმედოვნებს, რომ მოსამართლე გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.
"აბსოლუტურად ყველა ადვოკატმა ვთქვით ჩვენი დასკვნითი სიტყვა, მოსამართლეს მოვახსენეთ, თუ როგორი დარღვევებია და არაბუნებრივ საქმესთან გვაქვს საქმე. ნიუანსები იყო, კონკრეტულად იდო ყველაფერი, დასკვნითი თვალსაზრისით შეფასებული იყო ყველა ის ჩვენებები, მტკიცებულებები, რომლებიც არანაირად არ ასაბუთებდა დაკავებულის ბრალს. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, აღნიშნული ციანიდი მამა გიორგის "ჩაუდეს", უსაფრთხოების თანამშრომლების ჩვენებებიდან გამომდინარე წარმოუდგენელია, რომ თუ იქ იქნებოდა ამდაგვარი რამ , მათ არ აღმოეჩინათ. შესაბამისად, ეს არ იქნა აღმოჩენილი, იმიტომ, რომ არ არსებობდა. ეს აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ბარგის შესამოწმებლად დასჭირდათ 9 საათი, მიიღეს შესაბამისი მითითებები, თუ რა და როგორ უნდა ემოქმედათ, ამის შემდეგ აღმოაჩინეს. აქედან გამომდინარე ჩვენ სრულყოფილად ვისაუბრეთ იმ დასკვნაზე, რომ წაყენებული ბრალდება უსაფუძვლოა და იმედი მაქვს, რომ მოსამართლე იქნება მართლა დამოუკიდებელი, სამართლიანი, ობიექტური და მიიღებს მამა გიორგის მიმართ გამამართლებელ განაჩენს. წინააღმდეგ შემთხვევაში შემიძლია გითხრათ, ეს იქნება ჩვენი ქვეყნის სირცხვილი, ჩვენი მართლმსაჯულების კატასტროფა", - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.
წყარო: tzona.org