თქვენს წინაშე ვდგავარ ცოდვილთა შორის უპირველესი, მაგრამ არა მკვლელი


"დეკანოზმა გიორგი მამალაძემ მისი საქმის ბოლო სასამართლო სხდომაზე, სადაც დეკანოზი საბოლოო სიტყვით წარსდგა, მოსამართლეს განუცხადა: "თქვენს წინაშე ვდგავარ ცოდვილთა შორის უპირველესი, მაგრამ არა მკვლელი." დეკანოზ გიორგი მამალაძის დასკვნითი სიტყვა "რუსთავი 2"-მა გაავრცელა.
"პატივცემულო მოსამართლევ, როდესაც გავიგე, რომ ჩემი საქმის განხილვა დაგევალათ, შიშმა და უნდობლობამ შემიპყრო. უნდობლობა და უსამართლობის მოლოდინი რომ გამაჩნია, ვფიქრობ, თქვენთვის რთული გასაგები არ უნდა იყოს. სიმართლე გითხრათ, ვეცადე საკუთარი თავის დამშვიდება და დარწმუნება თქვენს მიერ განხილული საქმეების სტატისტიკის მოშველიებით.
თუმცა, დამეთანხმებით, რთულია შეინარჩუნო სიმშვიდე მაშინ, როცა სახელმწიფო სისტემა გიპირისპირდება და მაშინ, როდესაც უსამართლო განაჩენის შემთხვევაში, სამუდამო სასჯელიც კი მემუქრება. ძნელია, შეინარჩუნო სიმშვიდე მაშინ, როდესაც ჩემს გამო, ეპისკოპოსებსა და რიგით სასულიერო პირებზე ახორციელებენ ზეწოლას, რათა მათ ხმა არ ამოიღონ უსამართლობის წინააღმდეგ. უსამართლობისა, რომელიც პროკურატურამ, დამკვეთებთან ერთად, აღასრულა. რთულია, შეინარჩუნო სიმშვიდე, როდესაც ჩემი ადვოკატების ოჯახის წევრებზე და მეგობრებზეც კი ხორციელდება ზეწოლა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მხოლოდ ჩემი ადვოკატების ოჯახის წევრები და მეგობრები არიან.
თქვენ დღეს ბრძანდებით მსაჯული, რომელმაც, პილატეს მსგავსად, უნდა განსაზღვროთ უდანაშაულო ადამიანის ბედი. პილატემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის გამო, აგერ, უკვე ორი ათასი წელია, მისი სახელი უსამართლობასთან ასოცირდება. იმ დროს პილატეს წინაშე იდგა უცოდველი ადამიანი, დღეს კი თქვენს წინაშე ვდგავარ ცოდვილთა შორის უპირველესი, მაგრამ არა მკვლელი, არა მკვლელობის მომზადებელი. წინასწარმეტყველი ზირაქი ამბობს, სიტყვაშია პატივი და უპატიობა, ენაა ადამიანის დამღუპველი.
„სწორედ ამაშია ჩემი ბრალეულობა, სწორედ ამიტომ ორი ადამიანის კერძო საუბარს, რომელსაც პროვოკაცია ედო საფუძვლად და, რომელიც პროკურატურამ ბრალდებად გამოიყენა, თქვენ მაინც ნუ აქცევთ გამამტყუნებელი განაჩენის საფუძვლად. ნუ დააყენებთ კანონზე მაღლა ხელისუფალთ და ფარისეველთ. ნურც თქვენს თანამდებობას, რათა თქვენი სახელი ასოცირდებოდეს არა უსამართლო პილატესთან, არამედ სამართლიან თემიდასთან", - თქვა დეკანოზმა დასკვნით სიტყვაში.
5 სექტემბერს მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადებას ბრალდებული არ ესწრებოდა. მოსამართლემ დეკანოზს ანგარებით მკვლელობის ბრალდება მოუხსნა და მხოლოდ მკვლელობის მომზადებისთვის ცხრაწლიანი პატიმრობა შეუფარდა.
გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც ილია მეორეს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა."
წყარო: imedinews.ge