ფხენიანის მიერ წყალბადის ბომბის გამოცდის შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა და იაპონიის პრემიერ მინისტრმა ტელეფონით 20 წუთი ისაუბრეს
იაპონური მედიის ცნობით, პრემიერ მინისტრმა შინძო აბემ და პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეფონით დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ისაუბრეს და შეთანხმდენ, რომ იმუშაონ სამხრეთ კორეასთან ერთად, რათა გაზარდონ ზეწოლა ჩრდილოეთ კორეაზე.
როგორც BBC იაპონურ NHK-ზე დაყრდნობით იტყობინება, აბეს უნდა, რომ „მშვიდად გაანალიზოს მთელი რიგი ინფორმაციებისა, რომელსაც ის იღებს, განიხილოს საჭირო ქმედებები სხვა ქვეყნებთან, და მიიღოს ყველა ზომა იმისათვის, რომ დაიცვას ადამიანების სიცოცხლე და აქტივები“.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ძე-ინმა ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ გამოცდას „აბსურდული“ შეცდომა უწოდა.
მან გაერთიანებული ერების ორგანიზაციას „ყველაზე მკაცრი პასუხის“ გაცემისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულმა ახალმა რეზოლუციებმა სრულად უნდა მოახდინოს ფხენიანის იზოლაცია.
ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ წარმატებით გამოსცადა ბირთვული იარაღი, წყალბადის ბომბი, რომელიც შესაძლებელია, რომ კონტინენტთშორის ბალისტიკურ რაკეტაზე იქნეს დამაგრებული.
სპეციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბირთვული გამოცდის განკარგულებას ქვეყნის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა მოაწერა ხელი.
იაპონიის პრემიერ მინისტრმა, შინძო აბემ განაცხადა, რომ ფხენიანის მიერ „ძალმომრეობით განხორციელებული“ ბირთვული გამოცდა „აბსოლუტურად მიუღებელია“. „ჩვენ მძლავრად უნდა გავაპროტესტოთ ის“, დაამატა მან.
რყევები, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში გამოვლინდა, ბირთვული აფეთქებები იყო, განაცხადეს იაპონიის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა. ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოსთან შეხვედრის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა ტარო კონომ განაცხადა: „მონაცემების შესწავლის შემდეგ ჩვენ დავასკვენით, რომ ეს იყო ბირთვული გამოცდები“.
ჩრდილოეთ კორეაში მიწის მძლავრი რყევები გამოვლინდა, რამაც წარმოშვა ვარაუდები იმის შესახებ, რომ ქვეყანამ ექვსი ბირთვული გამოცდა მოაწყო.
როგორც BBC იუწყება, ამერიკის შეერთებული შტატების სეისმოლოგებმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა „შესაძლო აფეთქება“ იყო.
ეს არის ის ადგილი, სადაც ჩრდილოეთ კორეამ უწინდელი ბირთვული გამოცდები მოაწყო.
რყევები ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ახალი ტიპის წყალბადის ბომბთან, როგორც ამას სახელმწიფო მედია აცხადებს, გადაღებული ფოტოს გავრცელებიდან რამდენიმე საათში მოხდა.
ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია აცხადებს, რომ ახალი წყალბადის ბომბი შესაძლებელია, რომ კონტინენტთშორის ბალისტიკურ რაკეტაზე იყოს დაყენებული.
სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სეისმური რყევები ჩრდილოეთ კორეის პანგი-რის საგამოცდო ადგილას გამოვლინდა და ფხენიანმა „სავარაუდოდ“ ბირთვული გამოცდა მოაწყო.
ჩინეთის მიწისძვრის ადმინისტრაციამ რყევები აღწერა, როგორც „საეჭვო აფეთქება“.
აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა თავდაპირველად რყევების სიმძლავრე 10კმ-ის სიღრმეში 5.6 მაგნიტუდით განსაზღვრა, მაგრამ მოგვიანებით 6.3 მაგნიტუდამდე აიყვანა 0კმ-ით. მან დაადასტურა, რომ ეს არის ჩრდილოეთ კორეის ყველაზე მძლავრი ბირთვული გამოცდა, რაც კი დღემდე განხორციელებულა.
სამხრეთ კორეის თავდაცვის კომიტეტმა განაცხადა, რომ აფეთქების ძალა დაახლოებით 100 000 ტონა იყო.
შედარებისთვის, 1945 წლის აგვისტოში, შეერთებული შტატების მიერ ნაგასაკიში ჩამოგდებული ბირთვული ბომბი, რომელმაც იმ წამსვე 70 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 20 000 ტონის სიმძლავრის იყო.
ვიპინ ნარანგმა, მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პოლიტიკური მეცნიერების ასოცირებულმა პროფესორმა, აღნიშნული აფეთქება აღწერა, როგორც „უზარმაზარი ნიშანსვეტი შეკავების წარმატებებისთვის“, რადგან მას აქვს ძალა, რომ გაანადგუროს ქალაქი.
წყარო: guardian.ge