რუსული მედია: რუსეთის მოქალაქეები ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის მისაღებად საქართველოში აშშ-ის საელჩოსაც მიმართავენ
რუსეთში აშშ-ის საელჩოსა და საკონსულოს თანამშრომელთა რაოდენობის შემცირების და ვიზების მიღების პროცესში შეფერხებების გამო, რუსეთის მოქალაქეებმა ალტერნატიული გზები გამონახეს - წერს რუსული საინფორმაციო პორტალი „კომერსანტი".
ერთ-ერთ ვერსიად საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო განიხილება, სადაც ვიზის მისაღებად გასაუბრების ლოდინის ხანგრძლივობა მხოლოდ 8 დღეა, მაშინ როცა, მოსკოვში ლოდინის ხანგრძლივობა უკვე 85 დღეს აღწევს.
რუსული გამოცემა წერს, რომ თბილისში აშშ-ის საელჩოსაც დაუკავშირდა, სადაც დაუდასტურეს მზადყოფნა, რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემასთან დაკავშირებით, თუმცა განმარტეს, რომ ყველა შემთხვევაში, პრიორიტეტი საქართველოს მოქალაქეებს ენიჭებათ.
„საელჩოს წარმომადგენლის ინფორმაციით, ეს რაიმე სახის სისტემურ ცვლილებებს არ გამოიწვევს, რადგან მესამე ქვეყნების მოქალაქეებზე ვიზების გაცემა აქამდეც ხდებოდა. გასათვალისწინებელია მხოლოდ ის, რომ არსებობს ქვოტები როგორც საქართველოს, ასევე მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომელსაც ამერიკული დიპლომატიური წარმომადგენლობა შეიძლება მოემსახუროს და დიდი ალბათობით, ეს ქვოტები არ შეიცვლება", - წერს „კომერსანტი".
რუსული გამოცემის მიხედვით, ამერიკის არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა რუსეთში 23 აგვისტოს შეწყდა და პირველ სექტემბერს გაახლდება მხოლოდ მოსკოვში.
რუსეთის სამ ქალაქში მოქმედ გენერალურ საკონსულოებში კი პროცესი გაურკკვეველი ვადით გაიყინა. შეერთებულ შტატებში მგზავრობის ყველა მსურველი, ვიზის მისაღებად ახლა უკვე მხოლოდ მოსკოვში უნდა ჩავიდეს, რაც რუსული მედიის მტკიცებით, აჟიოტაჟს გამოიწვევს.
სწორედ ამ გარემოებების გამო, რუსეთის მოქალაქეებმა აშშ-ის ვიზის მისაღებად ალტერნატიული გზების ძიება დაიწყეს.
როგორც „კომერსანტი" წერს, მოსკოვში, აშშ-ის საელჩოს პრესმდივანმა მარია ოლსონმა განაცხადა, რომ „რუსეთის მოქალაქეებს, რომელთაც სურთ დააჩქარონ ვიზის მიღების პროცესი, შეუძლიათ მიმარტონ აშშ-ის საკონსულოებს სხვა ქვეყნებში".
ჰელსინკში გასაუბრებისთვის ლოდინის პერიოდი 21 დღეს შეადგენს და იქ ვიზის აღების მსურველს შენგენის ვიზაც უნდა ჰქონდეს, მაშინ როცა საქართველოში, რუსული მედიის განმარტებით, ლოდინის პერიოდი მხოლოდ რვა დღეა და თბილისში ჩამოსასვლელად რუსეთის მოქალაქეებს ვიზა არ სჭირდებათ.
წყარო: reportiori.ge