ტერორით ემუქრება ბათუმში ყველაზე რეიტინგული მერობის კანდიდატს ლეიბორისტული პარტიიდან, ბატონ ჯელალ ქიქავას - შალვა ნათელაშვილი
„როგორც ვნახეთ, ხელისუფლებამ საარჩევნო ტერორი უკვე დაიწყო,“ - ასე აფასებს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი, ბათუმში მისი პარტიის მერობის კანდიდატისადმი განხორციელებულ მუქარას.
ლეიბორისტული პარტიის ბათუმის მერობის კანდიდატი, ჯელალ ქიქავა, აცხადებს, რომ პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი, მუხრან ვახტანგაძე, მას ემუქრება.
„პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, ცნობილი ზონდერი, მუხრან ვახტანგაძე ფიზიკური ანგარიშსწორებით, ტერორით ემუქრება ბათუმში ყველაზე რეიტინგული მერობის კანდიდატს ლეიბორისტული პარტიიდან, ბატონ ჯელალ ქიქავას. მე ახლა ვთხოვ ივანიშვილის კანტორად ქცეულ გენერალურ პროკურატურას, სასწრაფოდ, ფაქტზე აღძარით საქმე და დააკავეთ მოძალადე დეპუტატი. მე მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ კობახიძეს, თუ უნდა მას, რომ ისტორიაში შევიდეს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ღირსეული ხელმძღვანელის სახელით, 24 საათში დააწერინე განცხადება პარლამენტის დატოვებაზე ამ მოძალადე ზონდერს,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ნათელაშვილმა პარალელი გაავლო სამართალდამცავების ქმედებებს შორის, როდესაც სემეკში გამართული აქციის დროს, მათ შენობა დაატოვებინეს, ხოლო ახლა მის თანაპარტიელზე განხორციელებულ მუქარაზე ჯერჯერობით გამოძიება არ დაწყებულა.
„სანამ ეს ინსტიტუტი არ აიკრძალება, მანამდე ვახტანგაძეობა და კიდევ არტისტობა, კიდევ სპორტსმენობა, კიდევ ბანკირ-ბიზნესმენობა და აფერისტობა და ძარცვა-გლეჯვა ქართულ პოლიტიკაში არ დამთავრდება,“ - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.
წყარო: rustavi2.ge