ტყვია ბავშვების ორგანიზმში - მცირეწლოვანების 44%-ს ორგანიზმში



ჯანდაცვის სამინისტრო ბავშვების ორგანიზმში მძიმე მეტალის შემოწმებას იწყებს. უწყებამ კვლევის ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საქართველოდან უცხოეთში წასულმა მოქალაქეებმა შემოწმებისას სისხლში დიდი ოდენობით ტყვია აღმოაჩინეს.
საგანგაშო სტატისტიკა აჩვენა მცირე მასშტაბის კვლევამ საქართველოშიც მძიმე მეტალი ორგანიზმში გამოკვლეული ბავშვების 44 პროცენტს აღმოაჩნდა.
მძიმე მეტალი, რომელიც არაერთ დაავადებას იწვევს, განსაკუთრებულ ზიანს აყენებს პატარებს, ანგრევს ნერვულ სისტემას და იწვევს, როგორც ფიზიკურ, ასევე გონებრივ ჩამორჩენას. თუ ბავშვის ზრდა ფერხდება, ბავშვს უჭირს სწავლა, კითხვა, კონტაქტში შესვლა, სისხლში ცვლილებებია და თანდათან ეს ყველაფერი მწვავდება. შესაძლოა, ეს ორგანიზმში ტყვიის მაღალ კონცენტრაციას უკავშირდებოდეს. ასეთ შემთხვევებში სპეციალისტები შესაბამის მკურნალობას ნიშნავენ, თუმცა, უკვე განვითარებულ პათოლოგიას ვეღარ შველიან. ორგანიზმიდან ტყვიის გამოდევნა თითქმის შეუძლებელია.

ტყვია ორგანიზმში მრავალი გზით შეიძლება, მოხვდეს. მძიმე მეტალი შეიძლება, იყოს ჰაერში, წყალში, საკვებში, საღებავებში, სამშენებლო მასალებში, ხშირად სათამაშოებშიც.
შემოწმებული 40 სათამაშოდან ტყვია 21 ნიმუშში აღმოჩნდა. მთავარი წყარო კი უხარისხო საწვავის გამონაბოლქვია, რომელიც ჰაერის შედარებით დაბალ ფენებში ჩერდება, დაახლოებით, 3-4 წლის ბავშვის სიმაღლეზე, ამიტომ გამონაბოლქვი, რომელსაც პატარები სუნთქავენ, განსაკუთრებით მათთვის არის საშიში, რადგან ტყვია ორგანიზმში მარტივად დაილექება. 
წყარო: rustavi2.ge