რა ხელფასი ექნება პოლიციელს მომავალში ?



„პოლიციელის ხელფასი არაადეკვატურია", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გადაცემაში „ახალი კვირა" განაცხადა.

„არ შეიძლება, 800 ლარი ადეკვატური ხელფასი იყოს ადამიანისთვის, რომელიც მეორე მოქალაქის სიცოცხლეზე, უსაფრთხოებაზე, ჯანმრთელობაზეა პასუხისმგებელი და თავის მოვალეობას კეთილსინდისიერად ასრულებს", - განაცხადა გახარიამ.

ამ განცხადებით შინაგან საქმეთა მინისტრმა უპასუხა გადაცემის წამყვანის, იმედა დარსალიას შეკითხვას, რამდენად ადეკვატურია პოლიციელის ანაზღაურება იმ ფონზე, როცა მაღალჩინოსნების სოლიდურ პრემია-დანამატებზე ინფორმაცია ყოველდღიურად ვრცელდება.

„შსს-ში რეფორმების ძირითადი მიზანი იყო სამოქალაქო კომპონენტში ოპტიმიზაცია, რომელიც ფაქტობრივად, უკვე განხორციელების ეტაპზეა. დაახლოებით ოთხასი ასეთი პოზიციაა შემცირებული. ეს მხოლოდ ხელფასის ეკონომია არ არის. ეს გახლავთ ამ პოზიციებთან დაკავშირებული ავტოტრანსპორტი, საწვავი და ა.შ", - განაცხადა გახარიამ.

იმედა დარსალიას შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ შსს-ში ზედმეტი რგოლები არსებობდა და კონკრეტულად, რომელი განყოფილებები გაუქმდა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ შსს-ში, მათ შორის, ზედმეტი რგოლები არსებობდა.

„მაგალითად, ზოგიერთი სამმართველოს უფროსს ორი მოადგილე ჰყავდა. ჩვენ კი ჩავთვალეთ, რომ ერთიც ეყოფოდა. არსებობდა დეპარტამენტები, რომლებიც გარკვეულ კვლევაზე იყვნენ ორიენტირებული და ჩავთვალეთ, რომ ისინი საჭირო არ იყო. ასევე, იყო ისეთი კომპონენტები, როგორიცაა ინტერპოლი, ევროპოლი, პოლიციის ატაშეები. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ამ ქვედანაყოფების ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანება შესაძლებელი იყო და ერთი დეპარტამენტი გავაკეთეთ. იყო კიდევ ბევრი რამ, რაზეც დიდხანს შემიძლია ვისაუბრო", - განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, რეფორმის მიზანია, ეკონომია, რომელიც სამოქალაქო თანამდებობებზე ოპტიმიზაციის ხარჯზე კეთდება, საპოლიციო მიმართულებით გადამისამართდეს.

„ეს გახლავთ ის, რაც წლევანდელ საბიუჯეტო წელში შეგვიძლია გავაკეთოთ. თუმცა, იქ, სადაც ყველაზე მაღალ რისკებს ვხედავთ და, სადაც ანაზღაურებებს შორის განსაკუთრებით უსამართლო სხვაობაა, გარკვეულ ნაბიჯებს ვდგამთ, რათა თითოეული პოლიციელის სოციალური უზრუნველყოფა და სოციალური გარანტიები უფრო მაღალი და ხარისხიანი იყოს", - განაცხადა გახარიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სოციალური გარანტიების ძირითადი კომპონენტი მხოლოდ ხელფასი არ არის.

„ჩვენ ამას უფრო კომპლექსურად ვუდგებით და ვთვლით, რომ ეს ადამიანური რესურსების მართვის ერთ-ერთი კომპონენტია. სოციალური დაცვის ის გარანტიები და პროგრამები, რომლებიც შსს-ში უახლოეს პერიოდში განხორციელდება, სწორედ ჩვენი პოლიციელების სოციალური დაცვისკენ იქნება მიმართული", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
წყარო: reportiori.ge