რა ხდება გუგეშაშვილების გარშემო ? დოდო გუგეშაშვილი დაჭრეს, მისი შვილი კი მოკლეს



თავდასხმა დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე. "კურიერის" ინფორმაციით, დაჭრილია შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, დოდო გუგეშაშვილი და მოკლულია მისი შვილი გრიგოლ გუგეშაშვილი, რომელიც თავდამსხმელების ტყვიას ადგილზე ემსხვერპლა.

თავდასხმა დიღომში, დოდო გუგეშევილის საცხოვრებელ სახლში მოხდა, დამნაშავეებმა ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს.

ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

თავად დოდო გუგეშაშვილი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

"დღეს მიღებული შეყტობინების საფუძველზე 1958 წელს დაბადებული დ.გ.-ს და მის შვილს 1985 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, დიღმის მასივში, მათსავე საცოხვრებელ ბინაში, უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. გ.გ შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ.გ. გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე, მუშაბენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით"-აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ერთ–ერთი ბოლო, ვინც დოდო გუგეშაშვილს ესაუბრა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელი მალხაზ თოფურია იყო.
როგორც მალხაზ თოფურიამ „კვირასთან“ საუბარში განაცხადა, დოდო გუგეშაშვილს ის ტელეფონით, ერთ–ერთი ღონისძიების თაობაზე ესაუბრა და მისთვის აღელვება არ შეუტყვია.
„შაბათისთვის იგეგმებოდა მარათონი ვეტერანთა ბავშვებისთვის, ამ ღონისძიების ერთ–ერთი ინიციატორი თავად დოდო იყო, სწორედ ამ მიზნით დავურეკე და საორგანიზაციო საკითხებზე ვესაუბრე, რომ იქნებ თბილისის გარდა ახლომდებარე ქალაქებიდანაც ჩამოგვეყვანა ბავშვები ავტობუსებით ამ ღონისძიებისთვის. ჩვეულებრივ ხასიათზე იყო, მშვიდად საუბრობდა ისიც საორგანიზაციო საკითხებზე, არც აღელვება შემიმჩნევია და არც რაიმე განსაკუთრებული. ჩვენი საუბრის დასრულებიდან დაახლოებით 20 წუთში მოხდა ეს ტრაგედია, ეს საშინელი ტრაგედიაა, როგორ გადაიტანს შვილის სიკვდილს, არ ვიცი, მის მეტი არავინ ჰყავდა“, – განუცხადა „კვირას“ მალხაზ თოფურიამ.
დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს, გრიგოლ გუგეშაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან დღეს დილით ესროლეს, რის შედეგადაც შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი, მძიმე მდგომარეობაშია.

დოდო გუგეშაშვილმა საოპერაციოში შეყვანამდე სამართალდამცველებს თავდამსხმელის ვინაობა დაუსახელა. ინფორმაციას ამის შესახებ “ტვ პირველი” ავრცელებს. ინფორმაციას ჯერჯერობით შსს-ს არ ადასტურებს.

გუგეშაშვილის მეზობელი ქალბატონის თქმით, მან კარზე ბრახუნი გაიგონა, კარის გაღების შემდეგ კი დოდო გუგეშაშვილი დაინახა, რომელიც შველას ითხოვდა.
”კარი გავაღე და დავინახე ქალბატონი დოდო. ის შველას ითხოვდა. სისხლიანი იყო და ამბობდა – მიშველეთ, შვილი მომიკლესო. მე დავინახე ვიღაც პირი, რომელსაც ლურჯი ქურთუკი ეცვა და კიბეებზე ჩარბოდა. მას ხელში გამჭვირვალე მოლურჯო პარკი ეჭირა, თუმცა იარაღი არ დამინახავს. მე მეთერთმეტე სართულზე ვცხოვრობ. ქალბატონი დოდო მეცამეტეზე”, – განაცხადა გუგეშაშვილის მეზობელმა.
წყარო: rustavi2.ge      kvira.ge       infopostalioni.com