,,პროკურორმა ჰკითხა, პირველად როდის დაამყარა ინტიმური კავშირი ოთოსთან"



„პროკურორმა ჰკითხა, როდის დაიწყო ჩვენი ინტიმური ურთიერთობა; თან ჩემს საქმეს ფურცლავდა. მარიმ უპასუხა. პროკურორმა გულცივად შენიშნა, თუ არ ვცდები, ეს დედის დასაფლავების მეორე დღეაო; და ირონიული გამომეტყველებით მოგვიბრუნდა...“ (ალბერ კამიუ, „უცხო");
***
ზუსტად ერთი წლის წინ დააპატიმრეს მაგდა პაპიძე. მე არ ვწერ დანაშაულსა და საქმის იურიდიულ ასპექტებზე; ვწერ ტაშზე; მქუხარე აპლოდისმენტებზე; ოვაციებზე, მრავალჯერ რომ აღმოხდა სეირის მაყურებელ ხალხს, მეტადრე - მსაჯულთა ვერდიქტის გაცხადებისას და აგრეთვე, სასჯელის ზომის დადგენისას. ეს არ იყო ის ტაში, „სამართლის ზეიმს“ რომ მიუძღვნიან ხოლმე. ერი არ შეჰხვედრია მკვლელის დასჯას ასეთი ველური ყიჟინით. არა. ეს იყო არა მკვლელის, არამედ - ქმრის მოღალატე ქალის გასამართლებით გამოწვეული საყოველთაო აღტყინება, სისხლმოწყურებული ბრბოს დაუფარავი სიხარული, მასობრივი ფსიქოზი, ჰიპერბოლიზებული შიზოფრენიის პაროქსიზმი და ჯოგის „სამართლის“ აღსრულება. ეს არ იყო მკვლელის დასჯა; ეს იყო დასჯა და შერისხვა იმ ქალისა, „ნორმებს“ რომ არ ემორჩილებოდა; ქალის სიწმინდის ნაფერებ-ნალოლიავებ კონცეფციას რომ არღვევდა; რომ არ ოთარაანთქვრივობდა; ქალისა, რომელსაც საყვარელი ჰყავდა. ქალისათვის დაწესებული „საზღვრების“ გადალახვის გამო დაისაჯა (არა მხოლოდ კრიმინალის გამო). ეს დარაზმული საზოგადოება არასოდეს შეჰგებებია ასეთი მქუხარე ტაშით ცოლის მოღალატე და მკვლელი კაცის სამაგალითოდ დასჯას.
საქმის განხილვისას უპირველესი მნიშვნელობა მიანიჭეს ქორწინებამდელ კავშირებსა და ღალატს და არა იმას, ნამდვილად ჩაიდინა, თუ არა დანაშაული განსასჯელმა. მთავარ „ღერძად“ იქცა არა სავარაუდო დელინკვენტური ქცევა, არამედ - თავისუფალი სექსუალური ცხოვრება, ქორწინებამდელი ინტიმური კავშირი, ფეისბუქში გამოქვეყნებული „თამამი“ და „სექსუალური“ სურათები, „გამომწვევი“ ჩაცმულობა, სკაიპის მეშვეობით ბიჭთან მესიჯობა, ეშმაკების შესახებ ნანახი ფილმები, გადატანილი აბორტები და ა.შ. ხალხს მხოლოდ დანაშაულის გამო არ დაუსჯია მაგდა. მაგდას დანაშაული სხვაა. სულ სხვა. მისი ბრალი „დაამძიმა“ ზემოხსენებულმა დეტალებმა. რატომ დასაჯა ხალხმა და არა - სასამართლომ? იმიტომ, რომ ხალხის „ხმა“ ისმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე. ეს სახალხო სამსჯავროა, ერის სურვილის გამოძახილი. ამ 12 ადამიანის ხელით, მთელ საზოგადოებას გამოაქვს განაჩენი ბრალდებულისათვის. მსაჯული ერთი მთლიანობის წარმომადგენელია, ერისგან არჩეული და ხელდასხმული; მისი სარკეა და მისი ნების აღმსრულებელი.
„თითქოს, განსასჯელის არანორმატიული სექსუალური კავშირები (რის დამტკიცებასაც ბრალდება ცდილობს) პირდაპირ იწვევდეს გამამტყუნებელ განაჩენს... ამიტომაც, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროკურატურისთვის მთელი სოციუმია; ისე ელაპარაკება მას, როგორც სტატისტიკურ ერთობლიობას, მთელი თავისი ცრურწმენებით, სტიგმებით, ტაბუებით, კლიშეებითა და ქალებისადმი სიძულვილით. ცდილობს მის სენტიმენტებზე ითამაშოს. ბრალდება აღიზიანებს ნაფიც მსაჯულთა მორალის ეროგენულ ზონებს და, მაღალი ალბათობით, გამამტყუნებელ განაჩენსაც მიიღებს. თუ მსჯავრდება მოხდა, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ დაისაჯა მორალური და არა კრიმინალური დევიაცია. საქმეში პირველადი არის არა ის, მოკლა თუ არა ბრალდებულმა ადამიანი, არამედ – უღალატა თუ არა ქმარს... აქ ჩვენ მართლმსაჯულებისა და მორალური განსჯის უცნაურ და ანაქრონულ სიმბიოზს ვაწყდებით... სასჯელის ობიექტი მხოლოდ სექსუალობაა; ეს არის საზოგადოების შურისძიება ქალზე, რომლის ცხოვრებაც თავისუფალ სექსუალურ ურთიერთობებს მოიცავს“, - წერს ვახუშტი მენაბდე
წყარო: itv.ge