ბიბლიაში წერია, რომ უფალი დიდ წმინდანს 200-300 წელიწადში ერთხელ გვაძლევს


„მე მწამს, რომ მოვა დრო, როდესაც საქართველოს მიეცემა დიდი ეროვნული პიროვნება, ისეთი, როგორიც იყო ილია ჭავჭავაძე, ერეკლე მეფე ან დავით აღმაშენებელი, რომელიც შეძლებს, ჩაეხუტოს ჩვენს მოძმე ერებს – აფხაზებსა და ოსებს და გააერთიანებს ქვეყანას. სანამ ჩვენი მზე ხან ჩრდილოეთიდან ამოვა და ხან სამხრეთიდან, არაფერი გვეშველება.
მხოლოდ ეროვნული სულისკვეთება და ჩვენი პატრიარქის სიბრძნისა და სიყვარულის გამოყენება შეძლებს შეუძლებელს.
მე ერთხელ ქადაგებაში ვთქვი, რომ ჩვენი მოვალეობაა, ავაშენოთ ეროვნული სულისკვეთება და არა დემოკრატია, რამაც ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციისა და ახალგაზრდა პოლიტიკოსების გაღიზიანება გამოიწვია. ისინი ვერ ხედავდნენ განსხვავებას ეროვნულობასა და დემოკრატიას შორის. მინდა, გითხრათ, დემოკრატია – ეს არის ერთი პატარა ბურჯი ეროვნულობის. ეროვნულობა უფრო მაღლა დგას. დემოკრატია გულისხმობს, რომ ქვეყანაში თუ მოვიდა ვინმე ძლიერი და მდიდარი, შეიძლება მან მთელი საქართველო იყიდოს, ეროვნულობა კი იმის საშუალებას და უფლებას გვაძლევს, რომ ქართველმა ერმა შეინარჩუნოს საკუთარი მიწა, ტრადიცია და ეკლესია. ეროვნული ერი მხოლოდ საკუთარ ხალხზე ფიქრობს და არა იმაზე, თუ რას იტყვის შორეული მეზობელი.
დღემდე ჩვენ ილია ჭავჭავაძის გზაზე არ ვდგავართ, იმ გზას მივუყვებით, რომელიც ნოე ჟორდანიამ მოგვცა.
ბიბლიაში წერია, რომ უფალი დიდ წმინდანს 200-300 წელიწადში ერთხელ გვაძლევს. ჩვენ გვყავს ჩვენი პატრიარქი და იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ქვეყნის საერო ცხოვრებაშიც გამოჩნდება ისეთი ადამიანი, პოლიტიკოსი, რომელსაც ისეთი სიბრძნე და სიყვარული ექნება, როგორიც აქვს ჩვენს პატრიარქს. ჯერჯერობით ვერ მოვესწარით ამ მოვლენას.“
მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა)