ოლიგარქია ივანიშვილების დინასტიას დაგვიმზადებს, ხოლო ივანიშვილი ფარული მეფე იქნება - შალვა ნათელაშვილი
"მმართველმა ძალამ უარი თქვა, მიეღო ქვყნის მთავარი კანონი ფართო კონსულტაციების გზით და პრაქტიკულად, ანტიკონსტიტუციურ სახელმწიფო გადატრიალებას შეუდგა, რის შედეგად, ქართველ ხალხს ერთმევა უფლება, აირჩიოს პრეზიდენტი და ჩვენი ბედი ყაჩაღი მაჟორიტარების ხელში რჩება," - ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
შალვა ნათელაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა.
"საჭიროა სწრაფი და გონივრული ჩამკეტი მოქმედებები პოლიტიკური ძალებისგან. ყველა პოლიტიკურ პარტიას მოვუწოდებ, ხელი მოვაწეროთ ერთობლივ მიმართვას მსოფლიო საფინანსო ორგანიზაციებისადმი, რათა დაყადაღდეს ბიძინა ივანიშვილის მილიარდები, ეს წელში გადაამტვრევს დანაშაულებრივ რეჟიმს,“ - განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა.
შალვა ნათელაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, გადაგომისკენ მოუწოდა.
„მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მარგველაშვილს, დაუყოვნებლივ გამოაცხადოს გადადგომა, ეს მთლიანად ჩაშლის დაწყებულ ანტიკონსტიტუციურ პროცესს და მისი სახელი ოქროს ასოებით შევა ისტორიაში,“ - აღნიშნა ნათელაშვილმა.
ლეიბორისტების ლიდერმა ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდა, კონსულტაციები დაიწყონ ხალხის ქუჩაში გამოსაყვანად.
„სხვა შემთხვევაში ოლიგარქია დაგვიმზადებს ივანიშვილების დინასტიას, ხოლო ივანიშვილი ფარული მეფე იქნება,“ - განაცხადა ნათელაშვილმა.
წყარო: rustavi2.ge