„ბავშვები ქართულს მაინც ისწავლიან... რუსული მთავარია, საჭიროა. მის გარეშე ხომ ვერაფერს მიაღწევენ!“ - ამას პირად საუბრებში ხშირად ამბობენ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ქართველი ბავშვების მშობლები.
იმასაც დასძენენ, რომ თუ შვილები თბილისში ვერ ჩააბარებენ, მაშინ ერთადერთი გამოსავალი სოხუმია, სადაც„რუსულმშობლიურენანასწავლმა“ ქართველმა ბავშვებმა, უმაღლესი განათლება ოკუპანტის ენაზე უნდა მიიღონ.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საოკუპაციო რეჟიმი სკოლებში ქართულად განათლების მიღებას კრძალავს. მათ აფხაზეთში 2015 წელს გააუქმეს ქართული სკოლები და შეამცირეს ქართული ენისა და ლიტერატურის საათები. საოკუპაციო რეჟიმმა „წარმატებული გამოცდილება“ 2017 წელს უკვე ოკუპირებული ახალგორის სკოლებსა და ბაღებში გაიმეორა და ქართველ ბავშვებს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება წაართვა.
კონფლიქტოლოგ ლევან გერაძის შეფასებით, ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსიფიკაცია აქტიურად მიმდინარეობს.
რუსიფიკაცია – ეს არის ეთნიკურად არარუსი საზოგადოების მიერ რუსული ენისა და სხვა რუსული თვისებების ნებაყოფლობითი ან ძალდატანებითი მიღება, – განმარტებულია ლექსიკონში.
„რუსეთის ფედერაციასთან არა მხოლოდ კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ხდება, არამედ ცხოვრების წესისაც. ყველა პროცესს მართავს რუსეთის ფედერაციის მიერ ხელდასხმული ადამიანი, განსაკუთრებით ძალოვან სამსახურებში. ასევე, ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობა მიმდინარეობს რუსეთის შესაბამის უწყებებთან კოორდინაციაში. ასევეა ეკონომიკურ ცხოვრებაშიც, რადგან, პრაქტიკულად, ყველა სფეროს რუსეთის ფედერაცია აფინანსებს. ბუნებრივია, ეს ახდენს რუსიფიკაციას. რუსიფიკაციაა ისიც, რომ ყველაზე კარგი სტუდენტები რუსეთის უმაღლეს სასწავლებში მიჰყავთ და განათლებას იქ იღებენ“, - აცხადებს „პირველთან“ საუბარში გერაძე.
ისტორიკოს ბექა კობახიძის განმარტებით, საქართველოში რუსიფიკაცია ჯერ კიდევ 1800-იანი წლებიდან იწყება, როდესაც რუსეთმა ქართლ-კახეთის სამეფოსთან 1783 წელს დადებული გეორგიევსკის ტრაქტატი არაერთხელ დაარღვია და საქართველოს სამეფოები ერთმანეთის მიყოლებით გააუქმა.
„საქართველოს რუსიფიკაცია მისი ანექსიიდან იწყება, როდესაც ქვეყანაში უცხო ადმინისტრაცია, უცხო საჯარო მოხელეები მკვიდრდებიან, რაც შემდეგ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებით გრძელდება. საქართველო წარმოადგენდა არა საქართველოს, არამედ ქუთაისისა და თბილისის გუბერნიებს, მოგვიანებით ბათუმის ოლქს, ასევე სოხუმისა და შავი ზღვის „ოკრუგებს“ - მოცემულობამ ტიპურად რუსული გარე გუბერნიების სახე მიიღო. შემდეგ მოდის საბჭოთა პერიოდი, როდესაც, მართალია, საქართველო არ არის გუბერნია, არამედ ერთიანი რესპუბლიკაა ტერიტორიული დანაკარგების ხარჯზე, შეიძლება ითქვას, რომ კულტურულ-ეროვნული უფლებები შედარებით მეტი იყო, მაგრამ პოლიტიკურ დამოუკიდებლობაზე ზედმეტია საუბარი. დღესაც სწორედ ამ ნიშნით მოვდივართ. ჩვენ ისინი რუსული პოლიტიკისა და კულტურული სივრცის განუყოფელ ნაწილად მიგვიჩნევენ. აქედან მომდინარეობს ის კონფლიქტები და პრობლემები, ასევე დესტრუქციული პოლიტიკა, რაც რუსეთს აქვს. ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს“, - აცხადებს „პირველთან“ კობახიძე.
ისტორიკოსის აზრით, ვიდრე შუასაუკუნეობრივი იმპერიალისტური პოლიტიკა და იდეოლოგია არ შეიცვლება, რუსეთი მსოფლიო უსაფრთხოებისთვის პრობლემად დარჩება, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ოდესღაც რუსეთის იმპერიის ნაწილს წარმოადგენდნენ.
„კავკასიაში საქართველო არის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის, პროდასავლური პოლიტიკის მთავარი მამოძრავებელი. საქართველოში რუსეთი ხედავს გასაღებს, რადგან საქართველოს დაკარგვით ის ფიქრობს, რომ დაკარგავს მთლიანად კავკასიას. კრემლი კავკასიაში იცავს შუა აზიასაც, რადგან, თუ კავკასიაზე კონტროლს დაკარგავს, შეიძლება, დასავლური ღირებულებები აღმოსავლეთშიც შევიდეს. ეს პრობლემაა რუსეთისთვის, რომელსაც აქვს იმპერიული მეხსიერება და რომელიც პრეტენზიას აცხადებს ყველა იმ ტერიტორიაზე, რომელსაც საბჭოთა კავშირი აკონტროლებდა“, - დასძინა კობახიძემ.
„პირველის“ რესპონდენტები მოსკოვის მიერ ბოლო წლებში რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე (მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში) სამხედროების ოჯახების ჩასახლებას რუსეთის მორიგ ტრადიციულ ნაბიჯად მიიჩნევენ, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი, ძირძველი მოსახლეობის გასახლებასა და უმრავლესობაში რუსების მოსვლას.
კრემლის იმპერიალისტური ზრახვები ნაყოფს, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გამოიღებს, სადაც დე ფაქტო ხელისუფლება არაღიარებული რესპუბლიკის რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს.
საქართველოს მიერ რუსული გავლენის შეკავება-შემცირებისთვის ლევან გერაძეს მთავარ ბერკეტად საერთაშორისო საზოგადოებასთან აქტიურ თანამშრომლობას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებთან მაქსიმალური კომუნიკაციის შენარჩუნებას მიიჩნევს.
წყარო: npa.ge